„დინამო ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პოზნანის „ლეხთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 0:5 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა თქვა, მისი გუნდი მოედანზე არ ყოფილა და ეს მხოლოდ მწვრთნელის პასუხისმგებლობაა.
„შესაფასებელი არაფერია. ჩემს ვალს მოვიხდი და ვულოცავ გამარჯვებას „ლეხს“. დღეს მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და ეს „ლეხი“ გახლდათ. ჩვენ სამწუხაროდ, მინდორზე არ ვიყავით. ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ალბათ, რაღაცა გამოგვეპარა.
როდესაც გუნდი არ თამაშობს, მოედანზე არ არის, ეს მთლიანად მწვრთნელის პასუხისმგებლობაა და მე ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მინდა, უბრალოდ, ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც მრავლად გვყავს ბოდიში მოვუხადო, ისინი ჩვენგან გაცილებით მეტს ელოდებიან“, - თქვა გეგუჩაძემ.
შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმისა“ და „ლეხის“ საპასუხო მატჩი 28 ივლისს, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება.