თბილისის „საბურთალომ“ კონფერნეს ლიგაზე ჯერ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ერთადერთი ქართული გუნდი გახდა ამ სეზონში, რომელმაც ბარიერი გადალახა, ახლა კი ბუქარესტის „სტიაუას“ პირველი რაუნდი მოუგო!
ლაშა ნოზაძის გუნდმა რუმინული გუნდი პრაქტიკულად ყველაფერში დაჯაბნა და დამსახურებულად იმარჯვა. ერთი ეგაა, შეიძლებოდა უკეთესი სხვაობით გამარჯვება, მაგრამ თბილისელები მხოლოდ ერთბურთიან უპირატესობას დასჯერდნენ - 1:0.
მატჩის ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა გაიტანა, რომელმაც კარგი კომბინაცია საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა. „საბურთალოს“ კიდევ არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. განსაკუთრებით, ირაკლი სიხარულიძეს, რომელსაც 5-ჯერ(!) მიეცა გატანის შანსი, მაგრამ სამჯერ არაზუსტად დაარტყა, ორჯერ მეკარემ აჯობა. რუმინელთა კარის დარაჯი სხვა მომენტებშიც შესანიშნავი იყო.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ გულხელდაკრეფილნი არც სტუმრები ყოფილან და „საბურთალო“ რამდენჯერმე თორნიკე მეგრელიშვილმა გადაარჩინა, ერთხელ კი ძელმა. ასეა თუ ისე, ნოზაძის გუნდმა მოიგო და საპასუხო მატჩის წინ უკეთეს ვითარებაშია.
მეორე მატჩი ზუსტად ერთ კვირაში, 28 ივლისს, ბუქარესტში გაიმართება და „საბურთალო“ კიდევ ერთხელ ეცდება ქართული საკლუბო ფეხბურთის სახელის დაცვას, რაც აქამდე მხოლოდ მან მოახერხა და კარგადაც გამოუვიდა.
„საბურთალო“ – „სტიაუა“ 1:0 (1:0)
თბილისი, „დინამო არენა“
„საბურთალო“ (4-2-3-1): მეგრელიშვილი; გოჩოლეიშვილი, კაკუბავა, ჩადუნელი, ჯინჯოლავა; ქარდავა (ო. მამაგეიშვილი 67), შ. ნონიკაშვილი; ტაბატაძე (გოშთელიანი 67), ლ. ნონიკაშვილი (გ. მამაგეიშვილი 83), გულიაშვილი; სიხარულიძე
მწვრთნელი: ლაშა ნოზაძე
„სტიაუა“ (4-2-3-1): ტარნოვანუ; ჰარუცი (ოაიდა 86), დავა, ტამი, ოვ. პოპესკუ; სუტი, ედიუმა (კომანი 46); კორდეა (სტოიცა 86), ოლარუ, ოქ. პოპესკუ (მამუტი 69); ტანასე
მწვრთნელი: ანტონ პეტრეა
გოლი: 1:0 ლ. ნონიკაშვილი (41)
გაფრთხილება: გოშთელიანი (89) - ოლარიუ (22), ოქ. პოპესკუ (33), დავა (64), ჰარუცი (75)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 12 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: კაი ერიკ სტეენი (ნორვეგია)