ჩოგბურთი

3:29 | 21.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერენა და ჯიკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობის განაცხადში არიან

სერენა უილიამსი და ნოვაკ ჯოკოვიჩი, აშშ-ის ღია პირველობის განაცხადში არიან შეყვანილი, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ სერბი ჩოგბურთელი ამერიკაში არ შეუშვან, რადგან ის კვლავაც არ აპირებს კოვიდ-19-ზე აცრას.

სერენა აშშ-ის ღია პირველობამდე, ტორონტოსა და ცინცინატის ტურნირებზე იასპარეზებს. მან თითქმის ერთი წელი გააცდინა და უიმბლდონზე დაბრუნდა, რომელსაც პირველივე წრეში გამოეთიშა. დიდი სლემის 23 ტიტულის მფლობელმა, ფლეშინგ მედოუსზე ბოლოს 2020 წელს თამაშა და ნახევარფინალს მიაღწია. სულ კი მას ამერიკული დიდი სლემის ტურნირი ექვსჯერ აქვს მოგებული.

ჯოკოვიჩმა ახლახანს უიმბლდონი მოიგო, რაც მისთვის კარიერაში სლემის 21-ე ტიტულია. მასზე ერთით მეტი აქვს რაფაელ ნადალს და ერთიოთ ნაკლები - როჯერ ფედერერს.

შეერთებულ შტატებში ჯერაც მოქმედებს წესი, რომლის შესაბამისადაც, ქვეყანაში ვერავინ შევა, ვისაც ვაქცინციის სრული კურსი ჩატარებული არ ექნება. ნიუ იორკულ ტურნირს ვაქცინციასთან დაკავშირებით, შეზღუდვები არ აქვს, მაგრამ თუ ჩოგბურთელი ქვეყანაში ვერ შევა, ვერც კორტზე გამოსვლას შეძლებს.

ამის გამო, ჯოკოვიჩის ფანებმა წამოიწყეს მოძრაობა, რომლის მიზანიც, სერბი ჩოგბურთელისთვის, აშშ-ში შესვლის უფლების მიცემაა. შესაბამის პეტიციას უკვე 12 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

გასულ სეზონში ჯოკოვიჩმა დიდი სლემის სამი ტურნირი - ავსტრალიის და საფრანგეთის ღია პირველობები, ასევე უიმბლდონი მოიგო. მაგრამ წელს მელბურნში თამაშის უფლება იმის გამო არ მისცეს, რომ ვაქცინირებული არ არის. ამის გამო, მან განაცხადა, რომ ურჩევნია, დიდი სლემის ტურნირები გააცდინოს, ვიდრე კოვიდ-19-ის ვაქცინცია ჩაიტაროს.

0.135184