ფეხბურთი

20:10 | 20.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ნოზაძე: "მეტოქეს ჩემი წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ ნამდვილად არ გვეშინია"

თბილისის „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუქარესტის „სტიაუასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდი მეტოქეს პატივს სცემს, მაგრამ შიში არ აქვთ და ყველა ფეხბურთელი მოედანზე მაქსიმუმს გააკეთებს.

„ჩემი წარდგება ამ გუნდს არ სჭირდება, ძალიან ტიტულიანი გუნდია, არა მარტო რუმინეთში. ჯერჯერობით არ არის ძველ დონეზე, მაგრამ ძალიან ანგარიშგასაწევი და გამოცდილი გუნდია. ბოლო პერიოდში პლეი-ოფში ორჯერ იყვნენ, თუმცა ეს ბარიერი ვერ გადალახეს. ჩვენც ვემზადებით მათთან შესახვედრად, მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა შიშით ნამდვილად არ გვეშინია. დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელი ვინც მოედანზე გავა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ღირსეულად ვითამაშოთ და მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ვიბრძოლოთ.

„პარტიზანთან“ პირველი მატჩის შემდეგ ჯგერენაიამ მიიღო ტრავმა და ერთი თვით გამოგვაკლდა. სხვა ფეხბურთელები მწყობრში არიან, შემოგვიერთდა, ჩვენი აღზრდილი, ძალიან გამოცდილი მეკარე ბექა ქურდაძე, რომელიც ვფიქრობ ძალიან გაგვაძლიერებს. დანარჩენი ყველა მწყობრშია და ყველა ელოდება ამ თამაშს.

ყველა მწვრთნელისთვის ბედნიერებაა, რაც უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი ეყოლება გუნდში და მწვრთნელი იმისთვისაა, რომ ეს დააბალანსოს და არც ეს იქნება გამონაკლისი. გუნდში კარგი მეკარეები გვყავს, ასევე აკადემიაში, მაგრამ მათ აქვთ სამუშაო და დრო სჭირდებათ, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშს შეეგუონ. ამიტომ მოვიყვანეთ ქურდაძე, რომელიც გამოცდილია, კონკურენციაში ჩაებმება და ვინც უკეთესი იქნება, ის ითამაშებს.

„სტიაუა“ შევისწავლეთ, ფეხბურთელებსაც ვესაუბრეთ და ვაჩვენეთ. დეტალურად შევისწავლეთ, თუმცა, როგორ შევისწავლეთ, ყველაფერი მოედანზე შედეგიდან გამომდინარე გამოჩნდება. სხვადასხვა ნაკრებების რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა, სისუსტეები მათაც აქვთ, ესეც განვიხილეთ და ვეცდებით, ამით ვისარგებლოთ. შანსებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ რადგან სახლში ვთამაშობთ, ჩემი აზრით, შანსი 50-50%-ზეა.

თბილისური გუნდი ვართ და ყოველთვის გვირჩევნია თბილისში ვითამაშოთ. მინდა, გორელებს მადლობა გადავუხადო მასპინძლობისთვის, თუმცა ბევრი ვერ მოახერხებდა გორში ჩამოსვლას, აქ კი იმედი მაქვს, რომ ბევრი ხალხი მოვა და მხარს დაგვიჭერს. ამ მხრივ, პრობლემას ვერ ვხედავ. აქვე შემთხვევით მინდა ვისარგებლო და „დინამო ბათუმს“ წარმატებებს ვუსურვებ.

„პარტიზანთან“ პირველი თამაში იყო, გუნდი ღელავდა. სტატისტიკურად, აქაც ძალიან მაგრად ვაჯობეთ, ერთადერთი მცირე უპირატესობა ორთაბრძოლებში ჰქონდათ მათ. შესაძლოა, დალაგებულად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ვაჯობეთ. ამ მატჩის შემდეგ ვირწმუნეთ, რომ მათზე კარგი გუნდი ვიყავით და ამ რწმენამ მოიტანა ის, რომ საპასუხო მატჩში გუნდმა ლაღად ითამაშა, ის ფეხბურთელი, რაც „საბურთალოს“ სჩვევია და ჩვენ ყველას გვიყვარს და დამსახურებულად მოვიგეთ. ლოგიკურად გავიმარჯვეთ, შეიძლებოდა პენალტებში დავმარცხებულიყავით, მაგრამ ეს შედეგი ალოგიკური იქნებოდა, რადგან მეტოქეს ორივე მატჩში ვაჯობეთ“, - თქვა ნოზაძემ.

მატჩის წინ კომენტარი „საბურთალოს“ ცენტრალურმა მცველმა ლევან კაკუბავამ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ ყველაფერი მოედანზე უნდა გამოჩნდეს.

„მწვრთნელმა ძალიან კარგად შეაფასა ჩვენი მეტოქე. დავამატებდი, რომ ძალიან ისტორიულ გუნდს ვეთამაშებით, ყოველ წელს ევროთასებზე თამაშობენ და ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, რაც მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. ყველაფერი ხვალ მოედანზე გამოჩნდება.

„სტიაუა“ მაღალ დონეზე გაშიფრულია. ჩემი მხრიდან ვინმეს გამოყოფა სწორი არ იქნება, მაგრამ შეტევაში ძლიერები არიან. ზოგადად, ევროთასებზე დაცვამ მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ითამაშოს. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ძლიერი შეტევა შევაჩეროთ და ჩემი აზრით, ეს გამოგვივა“, - აღნიშნა კაკუბავამ.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალოსა“ და „სტიაუას“ მატჩი 21 ივლისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. „საბურთალო“ ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც მიმდინარე ევროტურნირებზე ეტაპის გადალახვა მოახერხა, როდესაც ტირანას „პარტიზანი“ ორი მატჩის ჯამში პენალტების სერიაში დაამარცხა (0:1, 1:0).

0.116993