ბუქარესტის „სტიაუას“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონ პეტრეამ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „საბურთალოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
რუმინელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი წყვილში ფავორიტი არ არის და „საბურთალოს“ ყურადღებით უნდა მოეკიდინ, თუმცა იმედოვნა, რომ გამარჯვებას მისი გუნდი მოიპოვებს და მომდევნო ეტაპზე გავა.
„ჩვენი პირველი თამაშია მიმდინარე ევროთასებზე და ვეთამაშებით კლუბს, რომელმაც წინა ეტაპის დაძლევა მოახერხა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნიშანია იმ კუთხით, რომ ეს არის ძლიერი კლუბი, რომელსაც ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, თუ გვსურს, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ.
დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ კარგ თამაშს ვაჩვენებთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ, მაგრამ საამისოდ ძალიან ბევრი შრომა იქნება საჭირო. ბოლო პერიოდია ევროტურნირებზე ფაქტობრივად არ არსებობს ფავორიტისა და აუტსაიდერის ცნება. ამის დასტური იყო წინა საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც თითოეული გუნდი ცდილობდა მომდევნო ეტაპზე გასვლას და არაერთი სენსაციაც დაფიქსირდა. შესაბამისად, თუ გვსურს, რომ ეს ბარიერი დავძლიოთ, ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ და შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩვენი გუნდი ამ წყვილში ფავორიტია.
ბუნებრივია, „საბურთალოს“ მატჩები შევისწავლეთ და გავაკეთეთ ანალიზი. დავაფიქსირეთ, რომ ისინი სხვადასხვა მატჩებში სხვადასხვა სისტემაზე გადაწყობას ახერხებენ, თუმცა ჩვენ ამისთვის სრულებით მზად ვართ და ცხადია, შესაბამისად, ველით, რომ ამ წყვილში წარმატების მიღწევას შევძლებთ.
ამ ეტაპზე პროცენტულ შანსზე საუბარი შეუძლებელია, ვინაიდან ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და ბუნებრივია, ფორმის მაქსიმუმის მიღწევა შეუძლებელია. მეორეს მხრივ, ჩვენი მეტოქეა გუნდი, რომელმაც ჩვენგან განსხვავებით ბევრად მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მაგრამ ამ კონკრეტულ ასპექტს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს და სრულად კონცენტრირებული ვართ ამ მატჩზე, რომლის მოგებასაც ვეცდებით.
ჩვენს კლუბში ყველას სჯერა, რომ ეს არის კლუბი, რომელიც აგრძელებს იმ „სტიაუას“ გზად და მისი სამართალმემკვიდრეა. ვინაიდან, ჩვენ არასოდეს გავვარდნილვართ ქვედა ლიგაში, ყოველთვის გამოვდივართ ევროტურნირებზე და შესაბამისად ვერ ვხედავთ ეჭვების მიზეზს თუ რატომ არ უნდა ჩაითვალოს ეს „სტიაუა“ იმ „სტიაუას“ სამართალმემკვიდრედ. ეს უბრალოდ კომერციული პრობლემა და დავაა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოგვარდება“, - თქვა პეტრეამ.
შეგახსენებთ, რომ „საბურთალოსა“ და „სტიაუას“ მატჩი 21 ივლისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. „საბურთალო“ ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც მიმდინარე ევროტურნირებზე ეტაპის გადალახვა მოახერხა, როდესაც ტირანას „პარტიზანი“ ორი მატჩის ჯამში პენალტების სერიაში დაამარცხა (0:1, 1:0).