პოზნანის „ლეხის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა „დინამო ბათუმთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, ერთმანეთის ორი დაჭრილი გუნდი ხვდება, რომელთა მიზანი ერთნაირია - გამარჯვება.
„ზედიზედ 3 წაგება გუნდზე ფსიქიკურად ისახება, მაგრამ ამ ვითარებაზე გავლენა სამ დღეში ერთხელ თამაშმაც იქონია. ხვალ რთული მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ, „დინამო ბათუმს“ „სლოვანთან“ არ გაუმართლა და სწორედ ასეთი გუნდის წინააღმდეგ უნდა ვაჩვენოთ ხარისხი. საკუთარი თავის რწმენა უნდა გვქონდეს, გვინდა გამარჯვება და მომდევნო ეტაპზე გასვლა.
„სტალთან“ თამაშის შემდეგ შეიძლებოდა დასვენება, ფეხბურთელებთან საუბარი ან მატჩის ანალიზი, მაგრამ იმაზე ფიქრი უნდა შევწყვიტოთ, რაც იყო და ფიქრი მომავალზე დავიწყოთ. „მიეძასთან“ მომდევნო შეხვედრა გადავდეთ, რათა საპასუხო თამაშისთვის მოსამზადებლად და ვარჯიშისთვის მეტი დრო გვქონდეს. მოთამაშეებს შეუძლიათ ბოლო სამ მარცხზე რეაგირება მოახდინონ და მომდევნო მატჩებში მათ თავიანთი უნარები უნდა აჩვენონ. ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს, შეუძლიათ კარგად თამაში, უბრალოდ ეს ხვალ მოედანზე უნდა აჩვენონ.
გუნდში რამდენიმე ტრავმირებულია, მაგრამ ასეთი სიტუაცია სხვა კლუბებშიც მქონია. დღეს ვარჯიშზე დაშავდა ალან ჩერვინსკი, მაგრამ ჩვენ არა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე, არამედ მათზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც ხვალ ითამაშებენ და რეალობას უნდა შევეგუოთ. მაქსიმილიან პინგოტმა შაბათს ძალიან კარგად ითამაშა და ხვალ ის ძირითადში იქნება. როდესაც „ლეხში“ მოვედი, კმაყოფილი ვიყავი ფეხბურთელების ხარისხით, მაგრამ ტრავმები სასიამოვნო არაა. მიუხედავად ამისა, საკმარისი ვარიანტი მაქვს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
„ლეხი“ და „დინამო ბათუმი“ ამ თამაშს დაჭრილები ხვდებიან. განსხვავება გუნდების მოსამზადებელ დროშია, ჩვენ შაბათს ვითამაშეთ, „დინამო ბათუმმა“ კი ოთხშაბათს. ორივე გუნდის მიზანი ერთია, ორივეს მოგება სურს. წინა მატჩებზე აღარ ვფიქრობ, მხოლოდ მომავალ თამაშს ველოდები. „დინამო ბათუმი“ წლებია ერთი და იგივე სისტემით თამაშობს, კარგი მარცხენა ფლანგი ჰყავს, ამ გუნდს ბევრი ჩვენნაირი თვისება აქვს და მაღალი ხარისხი გააჩნია. კარგი გუნდია, რომელსაც ჩვენი ხარისხით უნდა დავუპირისპირდეთ“, - თქვა ვან დენ ბრომმა.
შეგახსენებთ, რომ პოზნანის „ლეხში“, რომელსაც ბოლო სამი მატჩი წაგებული აქვს და ჩემპიონთა ლიგას აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღთან“ მარცხით გამოეთიშა, გიორგი წიტაიშვილი და ნიკა კვეკვესკირი თამაშობენ. ხვალინდელი შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილში გამარჯვებული მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისლანდიურ "ვიკინგურსა" და უელსურ "ნიუ საინტს" შორის საუკეთესოს შეხვდება.