ფეხბურთი

15:01 | 20.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პაულო დიბალა "რომას" ფეხბურთელია

იტალიურმა „რომამ“ პაულო დიბალას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. არგენტინელმა ფეხბურთელმა „ჯალოროსისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

დიბალა „რომას“ უფასოდ შეუერთდა და სეზონში მისი ხელფასი ბონუსების ჩათვლით 6 მილიონი ევრო იქნება. 28 წლის შემტევი რომაულ გუნდში 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ტრანსფერში გადამწყვეტი როლი იმ სურვილმა და მონდომებამ ითამაშა, რომელიც „რომამ“ აჩვენა. მზარდ გუნდს შევუერთდი, კლუბს, რომელიც სამომავლოდ მყარ საფუძველს ქმნის და ჟოზე მოურინიოსთან მუშაობაც პრივილეგია იქნება. როგორც მეტოქე, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი „რომას“ გულშემატკივრებით და მოუთმენლად ველოდები, რომ მათ ამ მაისურით მივესალმო“, - აღნიშნა დიბალამ.

შეგახსენებთ, პაულო დიბალა 2015-2022 წლებში „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა (293 მატჩი, 115 გოლი), მაგრამ ტურინელებმა მას ახალი კონტრაქტი არ შესთავაზეს და კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწია.

დიბალამ კარიერა სამშობლოში, „კორდობას“ რიგებში დაიწყო, ხოლო 2012-2015 წლებში „პალერმოს“ რიგებში ირჯებოდა, არგენტინის ნაკრებში კი 34 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.139389