სხვა

4:09 | 20.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის და ვიცე ჩემპიონის კატა-თაგვობანა ტურ დე ფრანსზე

კანადელ უგო ჰოულს, პროფესიონალი ვლომრბოლის 12-წლიანი კარიერის განმავლობაში, აქამდე რბოლა არ მოეგო. მაგრამ დღეს თვით ტურ დე ფრანსის სამთო ეტაპზე გაიმარჯვა და ეს მიღწევა, საკუთარი ძმის ხსოვნას მიუძღვნა.

ჰოულის ძმა, პიერიკი 2012 წელს, ავარიაში დაიღუპა. ძმები ფრანგულ ველომარათონს ბავშვობაში ერთად უყურებდნენ და ჰოულმა გადაწყვიტა, ტურის რბოლის მოგების შემთხვევაში, ის სწორედ ძმის ხსოვნისთვის მიეძღვნა. და საკუთარი თავისადმი მიცემული პირობა, მე-16 ეტაპზე შეასრულა.

გამარჯვების შემდეგ, ჰოული თვალცრემლიანი იხსენებდა იმ დღეს, როდესაც ძმა დაკარგა. ის სოფლის გზაზე ვარჯიშობდა, როდესაც მანქანა დაეჯახა. უგომ სახლიდან გასული ძმა სამი საათის ნახა, როდესაც ექიმები კარდიო მასაჟს უკეთებდნენ.

ჰოულმა დაწინაურებულთა ჯგუფიდან დაიწყო შეტევა. მისი გაყოლა თანამემამულემ და თანაგუნდელმა მაიკლ ვუდსმა სცადა, მაგრამ ტემპს ვერ აჰყვა და მალე ჩამორჩა. ბოლო კილომეტრზე, ჰოული უახლოეს მდევრებს წუთზე მეტს უგებდა.

„ჩემი ძმა ამაზე ოცნებობდა. მე ტურზე ეტაპის მოგება, მის საპატივცემულოდ მინდოდა. გიჟური ემოციები დამეუფლა“, - განაცხადა 31 წლის კანადელმა.

ეს იყო პირენეის სამი სამთო ეტაპიდან პირველი, რომელზეც ტურის ორგზის ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა, დანიელ ლიდერ იონას ვინგეგაარდთან ჩამორჩენის შემცირება სცადა. მაგრამ ამაოდ. პოგაჩარმა სამჯერ სცადა შეტევა, ორჯერ აღმართში და ერთხელაც - დაღმართში. მაგრამ ვინგეგაარდი ბორბლიდან ვერ მოიცილა.

პოგაჩარმა პირველად მთა პორტ დე ლერის 2.5-კილომეტრიან რთულ მონაკვეთზე შეუტია. მაგრამ დანიელმა იოლად დაიჭირა. 23 წლის პოგაჩარმა მალე ისევ სცადა ბედი, მაგრამ ყვითელი მაისურის მფლობელს მისი ტემპის აყოლა არ გასჭირვებია.

ვინგეგაარდმა რბოლის შემდეგ განაცხადა, რომ დაღლას საერთოდ არ გრძნობს და ძალებსაც სწრაფად აღიდგენს. პოგაჩარის მხარდამჭერთა რიგები კი კვლავ შეთხელდა. ამჯერად მან ესპანელი თანაგუნდელი მარკ სოლერი დაკარგა, რომელიც რბოლისას ცუდად გახდა. საბოლოოდ, ის დროით ლიმიტში ვერ ჩაეტია და რბოლიდან მოიხსნა.

ტურის მონაწილეებს მე-17 ეტაპზე სამი ურთულესი აღმრთის გავლა მოუწევთ, რომლებზეც პოგაჩარი კიდევ ერთხელ ეცდება ყვითელი მაისურისთვის ბრძოლას.

0.143816