სხვა

3:16 | 16.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტურის მე-13 ეტაპი პედერსენმა მოიგო, ვინგეგაარდი ისევ ლიდერია

ტურ დე ფრანსის მე-13 ეტაპი მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, დანიელმა მადს პედერსენმა მოიგო. 193-კილომეტრიანი რბოლის ფინიშზე, მან უკან მოიტოვა ბრიტანელი ფრედ რაიტი და კანადელი ჰუგო ჰოული. პედრსენმა კარიერაში პირველად შეძლო ფრანგული ველომარათონის ეტაპის მოგება.

„რამდენიმე კილომეტრი რომ რჩებოდა, წინ ექვსნი ვიყავით და მე მოქმედება გადავწყვიტე. ვიცოდი, რომ სპრინტში უსწრაფესი ვიქნებოდი, მაგრამ ხუთი მეტოქის კონტროლი ნებისმიერ შემთხვევაში რთული იქნებოდა“, - განაცხადა პედერსენმა, ვინც ლიდერთა ექვსკაციან ჯგუფიდან შეტევა ფინიშამდე 12.5 კილომეტრით ადრე დაიწყო.

პედერსენის თანამემამულე იონას ვინგეგაარდმა რბოლის ლიდერობა შეინარჩუნა. მან მთელი რბოლა ძირითად ჯგუფთან ერთად გაატარა და მთავარ საზრუნავად, დეჰიდრატაციის თავიდან აცილება ჰქონდა.

„ძალიან ცხელი დღე იყო. ბევრი სითხის მიღება გვიწევდა, რათა სხეული არ გამოფიტულიყო. მადსის გამარჯვება მიხარია. მან ეს დაიმსახურა“, - განაცხადა ვინგეგაარდმა, ვინც მეორეზე მყოფ ორგზის ჩემპიონ ტადეი პოგაჩარს ისევ ორ წუთს და 22 წამს უგებს.

პედერსენი მესამე დანიელი ველომრბოლია, ვინც მიმდინარე ტურზე ეტაპის მოგება შეძლო. მის გარდა, ეს ვინგეგაარდმა და მაგნუს კორტ ნილსენმა შეძლეს.

13 ეტაპის შემდეგ, ტურმა ალპები დატოვა და პირენეის მთიანეთისკენ გაემართა, სადაც ყვითელი მაისურისთვის გადამწყვეტი ბრძოლებია მოსალოდნელი.

0.117588