ფეხბურთი

1:03 | 15.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქამბექი და გამარჯვება პენალტების სერიით ალბანეთში: "საბურთალო" მომდევნო ეტაპზეა

თბილისის „საბურთალო“ ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ევროტურნირებზე ბარიერის გადალახვა მოახერხა და ლაშა ნოზაძის გუნდი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

„საბურთალომ“ ტირანას „პარტიზანთან“ ერთი კვირის წინ გორში 0:1 წააგო და საპასუხო შეხვედრაში აუტსაიდერად მიიჩნეოდა, მაგრამ ალბანეთში ძალიან კარგად ითამაშა და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.

„საბურთალო“ მთელი თამაშის განმავლობაში უკეთესი იყო, უფრო მეტი მომენტი შექმნა და წესით, 1:0-ზე უფრო მეტსაც იმსახურებდა. თუმცა, 120 წუთში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, რომელიც 53-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა გაიტანა. ამგვარად, ორი მატჩის ჯამში სრული თანაფარდობა - 1:1.

გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც „საბურთალო“ უკეთესი იყო. გუნდებმა 7-7 დარტყმა შეასრულეს, თბილისელებმა 5 გოლი გაიტანეს, ხოლო მეტოქემ - 4. ნოზაძის გუნდისთვის გმირი მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი იყო, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია, მათ შორის ბოლო და თავისი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

თბილისის „საბურთალო“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუქარესტის „სტიაუას“ შეხვდება. პირველი მატჩი რუმინეთში 21 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო 28 ივლისს რუმინეთში.

„პარტიზანი“ – „საბურთალო“ 0:1 პენ: 4:5 (0:0)

ტირანა, „ელბასან არენა“

„საბურთალო“ (3-4-3): მეგრელიშვილი; კაკუბავა, ჩადუნელი, შ. ნონიკაშვილი (ქარდავა 62); გოჩოლეიშვილი, გოშთელიანი (ლ. ნონიკაშვილი 62), მიოცი (გ. მამაგეიშვილი 105), ჯინჯოლავა; ტაბატაძე (ო. მამაგეიშვილი 67), სიხარულიძე, გულიაშვილი

გოლი: 0:1 გულიაშვილი (53)

გაფრთხილება: ატანასკოსკი (22), მატონდო (26), სკუკა (73) - კაკუბავა (29), გოჩოლეიშვილი (38)

პენალტების სერია: 0:0 ჯინჯოლავა (მეკარე), 0:0 ატანასკოსკი (მეკარე), 0:1 ჩადუნელი, 1:1 ბიტრი, 1:2 გულიაშვილი, 2:2 ტელუში, 2:2 ლ. ნონიკაშვილი (მეკარე), 3:2 სკუკა, 3:3 სიხარულიძე, 3:3 რაპაი, 3:4 გოჩოლეიშვილი, 4:4 სოტა, 4:5 გ. მამაგეიშვილი, 4:5 გეიე (მეკარე)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 20 (7) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: დარენ ინგლანდი

0.099778