„ნაპოლიმ“ პრესეზონის ფარგლებში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სამოყვარულო კლუბი „ანეუნე“ 10:0 გააცამტვერა, რის შემდგომაც, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.
გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ლორენცო ინსინიეს შესაცვლელად ის საუკეთესო ვარიანტია და იცის, მოედანზე როგორ იმოქმედოს.
„კვარას დიდი უნარები აქვს. ხშირად მიდის მოწინააღმდეგეზე, მან იცის, როგორ იმოძრაოს მარჯვნივ და მარცხნივ, იცის როგორ დაასრულოს შეტევა. ის ძალიან კარგი მოთამაშეა და ის არის, ვინც შესაბამის ვარიანტად მივიჩნიეთ ინსინიეს შესაცვლელად. ზოგადად, კლუბის ხელმძღვანელობამ მარცხენა ფლანგი სრულად დააკომპლექტა ოლივერას ტრანსფერითაც და ამ ფლანგის ასათვისებლად სწორი ელემენტები მოძებნა“, - აღნიშნა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ არაოფიციალურ სადებიუტო მატჩში 45 წუთი ითამაშა, ორი ეფექტური გოლი გაიტანა და არანაკლებ ბრწყინვალე საგოლე პასიც გააკეთა. „ნაპოლი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 17 ივლისს ჩაატარებს და მეტოქე უფრო ძლიერი ეყოლება, ვიდრე დღეს ჰყავდა - „პერუჯა“.