„დინამო თბილისმა“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ქამბექთან ძალიან ახლოს იყო.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ერთი კვირის წინ შინ „პაიდესთან“ 2:3 დამარცხდა, მაგრამ რთული ვითარების გამოსწორება ესტონეთში მოახერხა, სადაც ძირითად დროშიც იმარჯვა და დამატებით დროშიც, მაგრამ მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა, რადგან პენალტების სერიაში დამარცხდა.
თბილისელები მეტოქეზე უკეთ თამაშობდნენ და პირველ ტაიმში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა, ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ, 69-ე წუთზე ანგარიში მაინც გახსნეს. უსმანე კამარას პასით დავით სხირტლაძემ ახლო მანძილიდან გაიტანა - 0:1.
ვინაიდან სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ მოქმედებს, ორი მატჩის ჯამში სრული თანაფარდობა იყო და დამატებითი დრო დაინიშნა. 93-ე წუთზე კი კამარამ კიდევ ერთხელ ითამაშა შესანიშნავად და ამჯერად მეორე საგოლე პასი გააკეთა, გოლი კი დმიტრი ანტილევსკიმ გაიტანა - 0:2.
„დინამომ“ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, რადგან 115-ე წუთზე ებრიჰა სინგატემ პენალტი მოიპოვა, რომელიც ზამბიელმა თავდამსხმელმა თავად გაიტანა და სხვაობა ამ შეხვედრაში შეამცირა, ორი მატჩის კი ჯამში კი გაათანაბრა. ბოლო, 124-ე წუთზე „დინამოს“ გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ გიორგი გაბედავას სახიფათო დარტყმა მეკარემ მოიგერია. საპასუხო იერიში ესტონელებსაც სახიფათო გამოუვიდათ, თუმცა, ამჯერად ხელსაყრელი მომენტი მათ ვერ გამოიყენეს და თამაშიც დასრულდა. შესაბამისად, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა.
აქ გუნდებმა 6-6 პენალტი შეასრულეს. ანდრეს პრიეტომ ერთი დარტყმა არათუ ვერ მოიგერია, არამედ კუთხეც ვერ გამოიცნო, ხოლო დინამოელთაგან შეცდომა ლევან ხარაბაძემ დაუშვა, რომელსაც მეკარემ აჯობა და მატჩიც აქ დასრულდა.
ამრიგად, „დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგას გამოეთიშა, „პაიდე“ კი მომდევნო ეტაპზე ისტორიაში პირველად გავიდა.
კონფერენს ლიგას გამოეთიშა გორის „დილაც“, რომელმაც ფინურ „კუპსთან“ პირველი მატჩი სტუმრად 0:2 წააგო და გორში სიტუაცია ვერ შეცვალა. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ უგოლო ფრე დაფიქსირდა და შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე ფინელები გავიდნენ. ანდრეი დემჩენკოს გუნდი საგრძნობ უპირატესობას კი ფლობდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს გოლში ვერ ასახა და ასპარეზობას გამოეთიშა.
„პაიდე“ – „დინამო თბილისი“ 1:2 პენ: 6:5 (0:0)
„დინამო თბილისი“ (4-2-3-1): პრიეტო; მალი, ბენიო, კობოური (კალანდაძე 90), ხარაბაძე; მოისწრაფიშვილი (კამარა 59), ოსიყმაშვილი; კირკიტაძე (გაბედავა 68), ოსეი, იმრანი (კუცია 59); სხირტლაძე (ანტილევსკი 79)
გოლები: 0:1 სხირტლაძე (69), 0:2 ანტილევსკი (93), 1:2 სინგატე (115, პენ)
პენალტების სერია: 1:0 მოსნიკოვი, 1:1 ანტილევსკი, 2:1 პალუმეტსი, 2:2 კუცია, 3:2 ტამბედუ, 3:3 ოსეი, 4:3 საარმა, 4:4 კამარა, 5:4 სინგატე, 5:5 გაბედავა, 6:5 პიჰტი, 6:5 ხარაბაძე (მეკარე)
გაფრთხილება: მოოლი (91), სინგატე (116) - ოსეი (45), გაბედავა (105)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (4) 15 (5) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 3:3
მსაჯი: სვეინ მოუნი (ნორვეგია)