ფეხბურთი

17:04 | 14.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: "როცა "ნეფთჩის" შეთავაზება მივიღე, ყოყმანის საფუძველი არ არსებობდა"

საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვირკველიამ ბაქოს „ნეფთჩიში“ ტრანსფერზე და პირველ შთაბეჭდილებებზე აზერბაიჯანული კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა. როგორც მან თქვა, როცა შეთავაზება მიიღო, ბევრი არ უფიქრია, რადგან ყოყმანის საფუძველი არ ჰქონდა.

„ნეფთჩი“ ძალიან კარგი და ისტორიული კლუბია. ბევრი ვიცი და მსმენია ამ კლუბის შესახებ. „ნეფთჩის“ ფეხბურთელი რომ გავმხდარიყავი, ერთი წუთიც არ მიფიქირა, მაშინვე ვთქვი „მზად ვარ“. როცა დამირეკეს და 2-წლიან კონტრაქტზე შევთანხმდით, სახლში ნივთები ჩავალაგე და ანტალიაში წავედი სამედიცინო შემოწმებაზე. ეს არის ძალიან ძლიერი კლუბი, რომელსაც ისტორია აქვს, მუდმივად თამაშობს ევროთასებზე და აზერბაიჯანის ჩემპიონობისთვის იბრძვის, ამიტომ, კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრის ან ყოყმანის საფუძველი არ არსებობდა.

სადაც არ უნდა ვითამაშო, ყოველთვის თავს მაქსიმალურ მიზნებს ვუსახავ. „ნეფთჩის“ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ყველას გვესმის, რომ მხოლოდ პირველი ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ადაპტაციის პროცესი ჩემთვის ძალიან მარტივი იყო. კაპიტანი ემინ მაჰმუდოვი, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, კარგად დამხვდა. არიან ბიჭები, რომელთა წინააღმდეგ რუსეთში მრავალი წელი ვთამაშობდი. თავს ისე ვგრძნობ, რომ თითქოს სულ მცირე 2 წელია აქ ვარ.

შეკრება კარგად მიდის. უკვე ჩავატარეთ ორი ამხანაგური მატჩი, პირველი თამაში ჩემთვის რთული იყო, ყოველშემთხვევაში პირველთან შედარებით. დღითიდღე, თამაშიდან თამაშამდე ფორმაში შევდივართ და თავს უკეთ ვგრძნობთ. მწვრთნელიც ძალიან კარგი გვყავს, რომელიც ძალიან დამეხმარა, როცა აქ მოვედი. ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელის მხარდაჭერა და ეს მეც მჭირდებოდა, ამისთვის მისი მადლობელი ვარ.

ვიცი, რომ „ნეფთჩის“ ძალიან კარგი გულშემატკივარი ჰყავს, ბევრს მწერდნენ, როცა ჭორები გავრცელდა ჩემს ტრანსფერზე, მათ 1000-1500 მესიჯი მომწერეს და მეკითხებოდნენ, მართალი იყო თუ არა, ეს. თუმცა, ვერ ვუპასუხე, რადგან ოფიციალურად კონტრაქტი გაფორმებული არ მქონდა. მადლობას ვუხდი მათ სითბოსთვის და ჩემი ტრანსფერით ბედნიერები რომ არიან“, - თქვა კვირკველიამ.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია ბოლოს „გაგრაში“ თამაშობდა, რომელიც ერთი კვირის წინ დატოვა, შესაბამისად თავისუფალი აგენტია. ქართველ მცველს სხვადასხვა დროს ყაზანის „რუბინში“, „ნეფტეხიმიკში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, „როტორსა“ და „მეტალისტ 1925“-ში აქვს ნათამაშები. საქართველოს ნაკრებში სოლომონ კვირკველიას ანგარიშზე 46 თამაშია. „ნეფთჩი“ გასულ სეზონში აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონი გახდა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე კვიპროსული „არისი“ იქნება.

0.153851