საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "სლოვანთან" ძალიან დრამატულ მატჩში 1:2 დამარცხა. ბათუმში გამართული შეხვედრის ძირითადი დრო, ისევე როგორც ბრატისლავაში, უგოლოდ 0:0 დასრულდა. დამატებით დროში ქართული გუნდი ზურიკო დავითაშვილის გოლით იგებდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ჯერ ტიგრან ბარსეგიანმა შეძლო გატანა, ბოლო წამზე კი, ვლადიმირ ვაისმა ლაზარე კუპატაძის კარში ბურთი კუთხურიდან ჩაახვია.
მიუხედავად ამ მარცხისა, "დინამოსთვის" ევროსეზონი ჯერ არ დასრულებულა. გია გეგუჩაძის გუნდი ევროპული საკლუბო ფეხბურთის რანგით მესამე ტურნირზე (კონფერენს ლიგა) გადაერთვება, სადაც მისი მეტოქე პოლონეთის ჩემპიონი "ლეხი" იქნება. პოზნანელები ჩემპიონთა ლიგაზე აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან" ორმატჩიან ბრძოლაში 2:5 დამარცხდნენ.
პირველი მატჩი 21 ივლისს პოზნანში გაიმართება. განმეორებით შეხვედრას კი, ბათუმი 28 ივლისს უმასპინძლებს. პოლონური გუნდის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების 2 ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი და ნიკა კვეკვესკირი გამოდის.
ტატო ნიკურაძე