ვეტერანი ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი შესაძლოა იტალიაში გადაბარგდეს. ესპანური გაზეთი As-ი წერს, რომ სამხრეთამერიკელი „მილანთან“ ერთ ნაბიჯშია.
თუმცა, „როსონერისთან“ დაკავშირებით სხვა დეტალები არ ვრცელდება, მაგრამ ესპანური გამოცემა ასევე წერს, რომ სუარესისთვის სერია A-ს დებიუტანტი „მონცაც“ იბრძვის. სილვიო ბერლუსკონის გუნდი ლუისს სეზონში 4 მილიონ ევროს სთავაზობს და ეს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა მარკო კირდემირიმ დაადასტურა.
„რამდენიმე შეთავაზება აქვს, მუდმივ კონტაქტზე ვარ მასთან და ვიცი, რა წინადადებებს იღებს. „ფენერბაჰჩე“ პირდაპირ დაუკავშირდა და 6 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ სუარესმა უარი განაცხადა. მას იტალიაში თამაში სურს. ერთი შეთავაზება მოვიდა „მონცადან“ 4 მილიონ ევროდ“, - თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ „მონცამ“ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა, მაგალითად, ანდრეა რანოკია, ალესიო კრანიო, სტეფანო სენსი და მატეო პესინა. რაც შეეხება „მილანს“, ამ კლუბს სამი ფორვარდი უკვე ჰყავს (ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ოლივიე ჟირუ და დივოკ ორიგი), ხოლო სტეფანო პიოლი სასტარტოში ძირითადად ერთ ფორვარდს იყენებს, ამდენად, „მილანში“ სუარესის ტრანსფერი გასაკვირი იქნება, თუმცა, ესპანური გაზეთი წერს, რომ ლუისი ახლოსაა „მილანში“ გადასვლასთან.
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.