„ნაპოლის“ კაპიტანი კალიდუ კულიბალი შესაძლოა „ჩელსიში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიური მედია ავრცელებს.
კულიბალის „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და ვინაიდან მომდევნო ზაფხულს მისი უფასოდ დაკარგვის საფრთხე არსებობს, აურელიო დე ლაურენტისი მზადაა 40 მილიონ ევროდ ახლა შეელიოს.
„ჩელსი“ ანტონიო რიუდიგერისა და ანდრეას კრისტენსენის დაკარგვის შემდეგ ახალ მცველს ეძებს. საუბარი იყო მატაის დე ლიხტზე, მაგრამ ნიდერლანდელისთვის ბრძოლაში მიუნხენის „ბაიერნი“ გაცილებით წინაა, ამიტომაც, „ჩელსი“ სხვა ვარიანტებზე გადაერთო.
როგორც ცნობილი გახდა, კულიბალისა და „ჩელსის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ორშაბათს შედგა. მოსალოდნელია, რომ ოფიციალურ შეთავაზებას ინგლისელები იტალიელებს უახლოეს დღეებში გაუკეთებენ.
კალიდუ კულიბალიმ კარიერა ფრანგულ „მეცში“ დაიწყო, შემდეგ ბელგიურ „გენკში“ ითამაშა, ხოლო ნეაპოლელთა რიგებში 2014 წლიდან ირჯება და 317 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი.