ფეხბურთი

17:20 | 12.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: "წნეხი არსებობს, მაგრამ იმედი მაქვს, ეს თამაშზე გავლენას არ მოახდენს"

ხვალ, ბათუმში დიდი ფეხბურთია. ქალაქი პირველად უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის მატჩს. საქართველოს ჩემპიონი "დინამო ბათუმი" პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბრატილავას "სლოვანს" დაუხვდება.

მატჩის წინ, "აჭარაბეთ არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ბათუმელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"მე ასე სკეპტიკურად არ ვარ განწყობილი ქართული კლუბების მიმართ და არ მგონია, რომ მხოლოდ ბათუმის "დინამო" დაიცავს ქართული ფეხბურთის ღირსებას, არამედ ვფიქრობ, სხვა კლუბებიც დაიცავენ. ჩვენ კი, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი თავი უმაღლეს დონეზე წარმოვაჩინოთ. ფსიქოლოგიური წნეხი ყოველ მატჩს აქვს და გარკვეულწილად ნებისმიერი (გამოცდილი თუ გამოუცდელი) ფეხბურთელი ყველა ნერვიულობს, მაგრამ იმედი მაქვს ეს თამაშზე გავლენას არ მოახდენს. ყველა ფეხბურთელი მზადაა. ერთადერთი ზარიას აქვს მცირე ტრავმა და კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი თამაში.

ფავორიტობაზე არ ვისაუბრებ. ჩვენ, ჯერ კიდევ, ბრატისლავაში რომ მივდიოდით, მაშინ ვიცოდით, ამ მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდული რომ იყო. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. ვიცი, ხვალ საოცარი ქომაგობა გვექნება", - თქვა გია გეგუჩაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამოსა" და ბრატისლავას "სლოვანის" მატჩი ხვალ 21:00 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა სლოვაკეთში 0:0 დასრულდა.

ტატო ნიკურაძე

0.116074