ტაისონ ფიური ამბობს, რომ ენტონი ჯოშუასთან ბრძოლას დათანხმდება, თუ მათი შეხვედრა უემბლიზე ჩატარდება და იქ მაყურებელს უფასოდ დაუშვებენ. და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჯოშუა უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკს დაამარცხებს და მისგან თავის ტიტულებს დაიბრუნებს.
ფიურიმ აპრილში ლონდონში ბრიტანელ დილიან უაითს მოუგო და მძიმე წონაში მსოფლიო კრივის საბჭოს (WBC) ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. ის ჯერაც დაუმრცხებელია. უაითთან გამარჯვების შემდეგ, ფიურიმ განაცხადა, რომ რინგზე აღარ დაბრუნდება.
შემდგომში მიცემულ ინტერვიუებში ფიურიმ განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ავა რინგზე, თუ ნახევარ მილიარდ დოლარს გადაუხდიან. არავინ იცის, ეს ხუმრობით თქვა, თუ ასეთი ხრიკი, დაბრუნებაზე კითხვების თავიდან ასაცილებლად მოიფიქრა.
მაგრამ ახლახანს ფიურიმ პირობები შეცვალა. ის ჯოშუასთან შეხვედრისთვის მზადაა. ოღონდ, მისმა თანამემამულემ ჯერ უსიკს უნდა მოუგოს, ვისთანაც სექტემბერში წააგო და WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ტიტულები გადააბარა. მათი რემატჩი 20 აგვისტოს არის დაგეგმილი.
„ღმერთს გეფიცებით, იმედი მაქვს, რომ ის (ჯოშუა) უსიკს დაამარცხებს და მერე მე დავბრუნდები და მასთან უფასოდ ვიბრძოლებ. ოღონდ, ასეთი პირობები მაქვს: შეხვედრა უემბლიზე უნდა გაიმართოს და იქ მაყურებელი უფასოდ უნდა დაუშვან. და მთელ ქვეყანაში რეპორტაჟი უფასოდ უნდა გადასცენ. იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ - უფასოდ შევხვდები ინგლისში და არა უცხოეთში. აქ, უფასოდ, ხალხისთვის“, - ამბობს ფიური.