„ნაპოლი“ სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და ხვიჩა კვარაცხელიაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ქართველი ფეხბურთელის შესახებ იტალიური მედია წერს და იტყობინება, რომ ლუჩანო სპალეტის ტაქტიკურ დარიგებებს ყურადღებით ისმენს.
„რვა-რვის წინააღმდეგ მატჩის დროს ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია თავისთან ორჯერ მოიხმო. ქართველის ბრალი რა იყო? ორჯერ არასწორი დიაგონალური პასი გააკეთა“, - თქვა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ Tele A-ს ეთერში საუბრისას.
თუმცა, როგორც ნეაპოლიტანური გამოცემა Areanapoli წერს, საგანგაშო არაფერია, ეს ჩვეულებრივი საწვრთნელი შენიშვნა იყო, რომელზეც ქართველმა ფეხბურთელმა სწორი რეაგირება მოახდინა.
„ქართველმა ფეხბურთელმა განსაკუთრებული ყურადღებით მიიღო ლუჩანო სპალეტის ტაქტიკური დარიგება, რადგან იცის, რომ სერია A ტაქტიკურად მსოფლიოში ყველაზე რთული ჩემპიონატია. ხვიჩამ შეკრების პირველ დღეებში ძალიან კარგი ტაქტიკური თვისებები აჩვენა და ასევე შეუძლია აკრობატული დარტყმები. თუმცა, ჯერ რა თქმა უნდა, ტაქტიკური თვალსაზრისით წმინდა დისციპლინა დასახვეწი აქვს“, - წერს იტალიური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის დიმაროში ემზადება და უკვე სამი დღეა საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს. ნეაპოლელები სერია A-ს პირველ ტურში 14 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ შეხვდებიან.