ფეხბურთი

0:25 | 12.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე: "ბათუმში რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა"
"მჯერა, რომ დღითიდღე უკეთეს ფორმაში შევალ"

ბრატისლავის „სლოვანის“ ვებგვერდს გიორგი ჩაკვეტაძემ მცირე ინტერვიუ მისცა, რომელშიც როგორც ადაპტაციის პერიოდზე, ისე „დინამო ბათუმთან“ მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

22 წლის ქართველი ფეხბურთელის მიზანი ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაა. გიორგი ფიქრობს, რომ დღითიდღე უკეთეს ფორმაში შევა.

„სადებიუტო თამაშის დასაწყისი ჩემთვის რთული იყო, რადგან გუნდთან ერთად მხოლოდ ორი დღე ვვარჯიშობდი. ჯერ არ ვიყავი 100%-ით ფორმაში. ვფიქრობ, რომ გუნდთან ერთად მეტი ვარჯიშის შემდეგ, ჩემი თამაში წინა ჯერზე უკეთესი იქნება, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით. ახალ კლუბში უნდა მოერგო თანაგუნდელებს და შეეგუო. ჯერჯერობით, კარგად ვმუშაობ და მჯერა, რომ დღითიდღე უკეთესი გავხდები.

ბიჭებმა ძალიან კარგად მიმიღეს. გუნდში თავს კარგად ვგრძნობ, ასევე, ბრატისლავა ძალიან კარგი ქალაქია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აქ იმისთვის ვარ, რომ „სლოვანში“, რაც შეიძლება კარგად ვითამაშო. ახლა სხვა არაფერზე ვფიქრობ, გარდა, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლისა.

ბათუმში ჰაერის ტენიანობა მაღალი იქნება? მე პირადად ეს სრულიად ნორმალურად მიმაჩნია. ჩვენ მხოლოდ მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და არ ვიფიქროთ ამინდზე ან სხვა რამეზე. ვიცით, რომ სტადიონი გაივსება, მაგრამ ასევე შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ ცეცხლოვანი ატმოსფეროთი. რთული თამაში გველოდება და კარგად ვიცით, რომ ვინც მოიგებს, ის მომდევნო ეტაპზე გავა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოედანზე, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ.

ტრავმები? არ მინდა ამაზე დაბრუნება, მხოლოდ წინ ვიყურები. მთავარია ჯანმრთელად ვიყო. მოუთმენლად ველოდები „სლოვანში“ თამაშს და მჯერა, რომ ერთად შეგვიძლია კარგ შედეგს მივაღწიოთ. ამ დროისთვის მხოლოდ ერთ მიზანზე ვფიქრობ - დინამო ბათუმის ბარიერის დაძლევაზე“, - თქვა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე „სლოვანს“ „გენტიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. „დინამო ბათუმისა“ და სლოვაკეთის ჩემპიონის მატჩი 13 ივლისს „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება.

0.1883