ავტოსპორტი

23:03 | 10.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერმა ავსტრიის დიდი პრიზი მოიგო

შარლ ლეკლერმა ავსტრიის დიდი პრიზის რბოლა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მონაკოელი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაქს ფერსტაპენს, ვინც რბოლა მეორემ დაასრულა, 38 ქულით ჩამორჩება. მანვე უსწრაფესი წრისთვის ბონუს ქულაც დაიმსახურა.

ლეკლერს ბოლო წრეებზე აქსელერატორის პედალთან დაკავშრებული პრობლემები შეექმნა - ის მუდმივად გაღებული რჩებოდა, მაგრამ ბედად, „ფერარის“ პილოტმა ამის გამო შეცდომა არ დაუშვა. არ გაუმართლა მის თანაგუნდელ კარლოს საინსს, ვისაც ძრავი დაეწვა. ეს რომ არა, მარანელოელებს ავსტრიაში დუბლით გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდათ.

ლეკლერმა ფერსტაპენს რბოლისას სამჯერ გაასწრო, მაგრამ აქსელერატორის პრობლემის გამო შიშობდა, რომ რბოლის დასრულებას ვერ შეძლებდა. ამის საფუძველს წინა ხუთი რბოლიდან ორის ტექნიკური მიზეზებით ვერდასრულება აძლევდა.

„აქსელერატორი 20-30 პროცენტით ღიად რჩებოდა და ამის გამო, განსაკუთრებით ნელ მოსახვევებში მიჭირდა. მაგრამ ბოლომდ გავუძელი და ახლა ბედნიერი ვარ. ეს გამარჯვება ძალიან მჭირდებოდა. წინა ხუთი რბოლა ჩემთვის და გუნდისთვის წარმოუდგენლად რთული იყო“, - ყვება ლეკლერი.

საინსის ძრავი ფინიშამდე 14 წრით ადრე დაზიანდა. ამ დროს, ის მესამე ადგილზე იყო და ფერსტაპენს სწრაფად ეწეოდა. ესპანელი აღმართში გაჩერდა და ცეცხლმოკიდებული მანქანიდან ამოსვლას რომ ცდილობდა, ის დაგორდა. ამიტომ, კარგა ხანს მის დატოვებას ვერ ახერხებდა. ბოლოს კი მარშლებმა მიუსწრეს და განსაცდელისგან იხსნეს.

რბოლა ვერ დაასრულა ფერსტაპენის თანაგუნდელმა სერხიო პერესმა, ვისაც სტარტიდან მალე, შეჯახება მოუვიდა ჯორჯ რასელთან. მან რბოლის გაგრძელება შეძლო, მაგრამ მანქანა იმდენად დაზიანებული იყო, რომ 26-ე წრეზე მაინც გაჩერებამ მოუწია. ამ შეჯახებისთვის, რასელი 5 წამით დააჯარიმეს, მაგრამ ის ფინიშთან მაინც მეოთხე მივიდა. მესამე ადგილი დაიკავა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა.

ლეკლერისთვის ეს ამ სეზონში მესამე, კარიერაში კი მეხუთეა. ამასთან, ავსტრალიის ეტაპის შემდგ, კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური პირველად დაიკავა. დაკიდევ, ლეკლერმა პირველად მოიგო რბოლა, რომელიც პოულიდან არ დაუწყია. „ფერარისთვის“ ეს ავსტრიაში მოპოვებული პირველი გამარჯვებაა 2003 წლის შემდეგ, როცა რბოლა მიხაელ შუმახერმა მოიგო.

ლეგენდარული შუმის შვილმა მიკ შუმახერმა ამჯერად რბოლა მეექვსე ადგილზე დაასრულა. შეიძლება ითავას, რომ მას ბედი სილვერსტოუნზე გაეხსნა, სადაც ფორმულა 1-ის კარიერაში პირველი ქულები მოიპოვა.

ორგანიზატორთა განცხადებით, რედ ბულ რინგზე რბოლას, სამ დღეში 303 000 მაყურებელი დაესწრო.

ავსტრიის დიდი პრიზი

ზალცბურგი, მანძილი 306.452 კმ (4.318კმ, 71 წრე)

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:24'24.312
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1.532
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 41.217
  4. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 58.972
  5. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'08.436
  6. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  8. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1 წრე
  10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1 წრე
  11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  12. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1 წრე
  13. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1 წრე
  14. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  15. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1 წრე
  16. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
  17. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1 წრე
  18. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 15 წრე
  19. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 23 წრე
  20. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 47 წრე

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:07.275 (62-ე წრე, 231.063 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 208 ქულა; 2. შარლ ლეკლერი - 170; 3. სერხიო პერესი - 151; 4. კარლოს საინსი - 133; 5. ჯორჯ რასელი - 128; 6. ლუის ჰამილტონი - 109; 7. ლანდო ნორისი - 64; 8. ესტებან ოკონი - 52; 9. ვალტერი ბოტასი - 46; 10. ფერნანდო ალონსო - 29; 11. კევინ მაგნუსენი - 22; 12. დანიელ რიკარდო - 17; 13. პიერ გასლი - 16; 14. სებასტიან ფეტელი - 15; 15. მიკ შუმახერი - 12; 16. იუკი ცუნოდა - 11; 17. გუანიუ ჟოუ - 5; 18. ალექს ელბონი და ალექს ელბონი - 3; 20. ნიკოლას ლატიფი და ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) - 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბული - 359 ქულა; 2. ფერარი - 303; 3. მერსედესი - 237; 4. მაკლარენ-მერსედესი და ალპინ-რენო - 81; 6. ალფა რომეო-ფერარი - 51; 7. ჰაას-ფერარი - 34; 8. ალფატაური-რედ ბული - 27; 9. ასტონ მარტინ-მერსედესი - 18; 10. უილიამს-მერსედესი - 3.

0.147166