ძიუდო

21:19 | 10.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ბუდაპეშტის გრანდ სლემი ხუთი მედლით, მაგრამ ოქროს გარეშე დაასრულა

ბუდაპეშტის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა 5 მედლით, მაგრამ ოქროს გარეშე დაასრულა. ქართველთაგან ტატამიზე ბოლო გელა ზაალიშვილი გავიდა, რომელსაც ბრინჯაოს შანსი ჰქონდა, მაგრამ მედალი ვერ მოიპოვა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ზაალიშვილმა გერმანელი ერიკ აბრამოვი და ფინელი მარტიი პუუმალაინენი დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში ლეგენდარულ ტედი რინერთან წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გელა საამიროების სახელით მოასპარეზე მაგომედომარ მაგომედომაროვს დაუპირისპირდა, მაგრამ იპონით მარცხი განიცადა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა სერბი მიჰაილო ჩირიჩი, ტაჯიკი ჟახონგირ მაჟიდოვი და ამერიკელი ჯონ ჯაინი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაოს გაეჯიბრა, რომელთანაც დამარცხდა. შესაბამისად, ბექამ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოსთვის იბრძოლა და მისი მეტოქე უნგრელი გერგელი ნერპელი იყო, რომელსაც 50 წამში იპონით და ულამაზესი გდებით აჯობა. ამავე წონაში ნიკა ხარაზიშვილი გამოვიდა, რომელიც მესამე წრეში უბრძოლველად მოხვდა, მაგრამ იქ უნგრელ კომრონშოხ უსტოპირიონთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

100 კგ წონით კატეგორიაში ფინალში იყო ვარლამ ლიპარტელიანი. ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა სერბი ბოიან დოსენი, გერმანელი კარლ-რიხარდ ფრაი, ბრაზილიელი რაფაელ ბუზაჩარინი და დანიელი მატიას მადსენი დაამარცხა, ხოლო ფინალში იაპონელ კენტარო იდას გაეჯიბრა, მაგრამ ვაზარით წააგო და ვერცხლს დასჯერდა.

100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე უმედლოდ დარჩა. მან პოლონელი ოლექსი ლისენკო და ჩილელი ტომას ბრისენო დაამარცხა, თუმცა შემდეგ იაპონელ კენტარო იდასთან წააგო, რეპეშაჟში გადავიდა და იქაც მარცხი განიცადა უნგრელ შომბრო ვეგთან. ამ წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა.

დღესვე ტატამიზე ორი ქალი ძიუდოისტიც გავიდა. 78 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია პირველივე წრეში დამარცხდა ვენესუელელ კარენ ლეონთან, ხოლო +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა პირველი შეხვედრა წააგო ისრაელის წარმომადგენელ რაზ ჰერშკოსთან.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ხუთი მედლით და მეშვიდე ადგილზე დაასრულა. მედლები მოიპოვეს: ლუხუმ ჩხვიმიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა (სამივემ ვერცხლი), თემურ ნოზაძემ და ბექა ღვინიაშვილმა (ორივემ ბრინჯაო) მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ასპარეზობა ოქროს მედლის გარეშე დაასრულა.

0.372009