ჩოგბურთი

20:44 | 10.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეოთხედ და ისტორიაში მეშვიდედ: ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის გამარჯვებულია!

ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ჩემპიონია! სერბმა ჩოგბრთელმა ტიტული ზედიზედ მეოთხედ და კარიერაში მეშვიდედ დაისაკუთრა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება, რომელსაც 8 ტიტული აქვს მოგებული.

ფინალური დაპირისპირება ძალიან დაძაბული გამოდგა. მსოფლიოს მე-3 ნომერმა ნიკ კირიოსს ოთხ სეტში 4:6, 6:3, 6:4, 7:6 აჯობა. მატჩის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, რომელიც ამ უიმბლდონზე ჯოკოვიჩისთვის პირველი იყო და რომელიც სერბმა იოლად, 7:3 მოიგო.

ნოვაკს 15 ეისი ჰქონდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, კირიოსს კი 30 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა დაუგროვდა. ორივე მათგანი ძირითადად თავის მოწოდებებს იგებდა, მაგრამ უკეთესად ეს მაინც ნოვაკს გამოუვიდა. გავიხსენოთ, რომ აქამდე ჯოკოვიჩს კირიოსი არასდროს დაემარცხებინა (ორი მატჩი და ორი წაგება), მაგრამ სერბმა ავსტრალიელი პირველად ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში დაამარცხა.

გეტყვით იმასაც, რომ ამ შეხვედრას კირიოსი დასვენებული შეხვდა, რადგან ფინალური საგზური უბრძოლველად მოიპოვა. ნახევარფინალში მისი მეტოქე რაფა ნადალი უნდა ყოფილიყო, თუმცა ტრავმის გამო ესპანელმა თამაშზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ დიდ სლემზე მოგებული ტიტულებით ჯოკოვიჩს მხოლოდ რაფა ნადალი უსწრებს. ესპანელს 22 დიდი სლემის ტიტული აქვს, საიდანაც 2 სწორედ 2022 წელს მოიგო და როგორც სერბს, ისე როჯერ ფედერერს გადაასწრო.

0.115186