ძიუდო

20:22 | 10.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანის ვერცხლის მედალი ბუდაპეშტის გრანდ სლემზე

ბუდაპეშტის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა - ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლს, ხოლო ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა სერბი მიჰაილო ჩირიჩი, ტაჯიკი ჟახონგირ მაჟიდოვი და ამერიკელი ჯონ ჯაინი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაოს გაეჯიბრა, რომელთანაც დამარცხდა. შესაბამისად, ბექამ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოსთვის იბრძოლა და მისი მეტოქე უნგრელი გერგელი ნერპელი იყო, რომელსაც 50 წამში იპონით და ულამაზესი გდებით აჯობა.

ამავე წონაში ნიკა ხარაზიშვილი გამოვიდა, რომელიც მესამე წრეში უბრძოლველად მოხვდა, მაგრამ იქ უნგრელ კომრონშოხ უსტოპირიონთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

100 კგ წონით კატეგორიაში ფინალში იყო ვარლამ ლიპარტელიანი. ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა სერბი ბოიან დოსენი, გერმანელი კარლ-რიხარდ ფრაი, ბრაზილიელი რაფაელ ბუზაჩარინი და დანიელი მატიას მადსენი დაამარცხა, ხოლო ფინალში იაპონელ კენტარო იდას გაეჯიბრა, მაგრამ ვაზარით წააგო და ვერცხლს დასჯერდა.

100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე უმედლოდ დარჩა. მან პოლონელი ოლექსი ლისენკო და ჩილელი ტომას ბრისენო დაამარცხა, თუმცა შემდეგ იაპონელ კენტარო იდასთან წააგო, რეპეშაჟში გადავიდა და იქაც მარცხი განიცადა უნგრელ შომბრო ვეგთან. ამ წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს გელა ზაალიშვილი, რომელმაც გერმანელი ერიკ აბრამოვი და ფინელი მარტიი პუუმალაინენი დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში ლეგენდარულ ტედი რინერთან წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გელა საამიროების სახელით მოასპარეზე მაგომედომარ მაგომედომაროვს დაუპირისპირდება.

დღესვე ტატამიზე ორი ქალი ძიუდოისტიც გავიდა. 78 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია პირველივე წრეში დამარცხდა ვენესუელელ კარენ ლეონთან, ხოლო +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა პირველი შეხვედრა წააგო ისრაელის წარმომადგენელ რაზ ჰერშკოსთან.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ყულაბაში ამ დროისთვის ხუთი მედალია, რომლებიც ლუხუმ ჩხვიმიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა (სამივემ ვერცხლი), თემურ ნოზაძემ და ბექა ღვინიაშვილმა (ორივემ ბრინჯაო) მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ასპარეზობა ოქროს მედლის გარეშე დაასრულა.

0.123206