ავტოსპორტი

2:40 | 9.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი ავსტრიის დიდი პრიზის სპრინტის პოულზეა

ავსტრიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მაქს ფერსტაპენმა მოიგო, „მერსედესის“ ორივე პილოტმა კი ასპარეზობა რბოლის მესამე ნაწილში, ავარიით დაასრულეს. ამის გამო, ლუის ჰამილტონი მე-10 ადგილზე ჩარჩა, ჯორჯ რასელს კი უკვე მოსწრებული ჰქონდა სწრაფი წრის დაფიქსირება, რითაც მე-5 ადგილი ერგო.

რასელის ავარიის შემდეგ, რბოლა მეორედ შეწყდა და მრბოლებს ორ წუთზე ოდნავ მეტი ჰქონდათ დარჩენილი იმისთვის, რომ პოულის მოპოვება ეცადათ. 24 წლის ჰოლანდიელმა, როგორც სჩვევია, სამუშაოს ყველაზე უკეთ გაართვა თავი და საუკეთესო შედეგი აჩვენა. ის მანამდეც ყველაზე სწრაფი იყო, მაგრამ რომ არა ბოლო წრე, პოულს „ფერარის“ შარლ ლეკლერს დაუთმობდა, ვისაც საბოლოოდ, სულ რაღაც, 0.029 წამით აჯობა. ფერსტაპენს 0.082 წამით ჩამორჩა „ფერარის“ კიდევ ერთი პილოტი, კარლოს საინსი.

მეოთხე დრო სერხიო პერესს ჰქონდა, მაგრამ რბოლის მეორე ნაწილში ტრეკის ლიმიტის დარღვევების გამო, მისი საუკეთესო დროები გაუქმდა და მექსიკელმა მე-13 ადგილზე გადაინაცვლა. მიზეზი ისაა, რომ დარღვევის დროულად დაფიქსირების შემთხვევაში, „რედ ბულის“ პილოტი კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ასპარეზობის უფლებას ვერ მოიპოვებდა.

„მერსედესი“ ავსტრიაშიც კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ პილოტების შეცდომების გამო, მანქანის გაუმჯობესების მატერიალიზება ვერ მოხერხდა. პერესის ჩამოქვეითების გამო, მეოთხეზე რასელმა გადაინაცვლა, მეხუთე პოზიცია კი ესტებან ოკონს ერგო. ათეულში ასევე არიან „ჰაასის“ პილოტები, კევინ მაგნუსენი და მიკ შუმახერი, ასევე ოკონის თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო.

სპრინტ რბოლა 24-წრიანი იქნება და მასზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, პილოტები კვირის რბოლის სტარტზე განლაგდებიან.

ავსტრიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1'04.984
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.029
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.082
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.420
  5. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.447
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 0.742
  7. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 0.895
  8. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1.027
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.119
  10. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 8.167
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.176
  12. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1.246
  13. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.867
  14. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 20.863
  15. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.629
  16. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.863
  17. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1.917
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.019
  19. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 2.099
  20. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.335
0.114588