სხვა

1:21 | 9.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოგაჩარმა ტურზე ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო

ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონი, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი შეუჩერებელია - მან ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო და კლასიფიკაციაში ლიდერის პოზიცია განიმტკიცა. ამჯერად მან მეშვიდე, სამთო ეტაპზე გაიმარჯვა, რომლის მიწურულსაც, 7-კილომეტრიანი, 8.7-პროცენტიანი საშუალო დახრის მქონე აღმართი იყო გასავლელი.

პოგაჩარმა უკან ჩამოიტოვა უშუალო მეტოქე, შარშანდელი ტურის ვიცე ჩემპიონი, დანიელი იონას ვინგეგაარდი. მესამე ადგილზე კიდევ ერთი სლოვენიელი, პრიმოჟ როგლიჩი გავიდა.

„ძალიან კარგი და ძნელი ეტაპი იყო და ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვება შევძელი. ბოლოს ზღვარზე ვიყავი, მართლა. ცუდ დღეში ვიყავი. იონასი მიტევდა, მე კი ამ ეტაპის მოგება ნებისმიერ ფასად მინდოდა“, - ყვება პოგაჩარი.

ბოლო კილომეტრი რომ დარჩა, წინ გერმანელი ლენარდ კაემნა იყო, ვინც მდევრებს დაახლოებით 40 წამს უგებდა. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა შეტევის დაწყება პოგაჩარმა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გზის დახრა 20 პროცენტს აღწევდა. ერთადერთი, ვისაც მის აჩქარებაზე რეაქცია ჰქონდა, ვინგეგაარდი იყო. ორივე ერთად, კაემნას მაშინ დაეწია, როდესაც ფინიშამდე 100 მეტრიღა რჩებოდა.

დანიელი რამდენიმე ველოსიპედის სიგრძით იგებდა და თითქოს, ფინიშიც პირველს უნდა გადაეკვეთა, მაგრამ 23 წლის პოგაჩარმა ბოლო ძალა მოიკრიბა და წარმოუდგენელი აჩქარებით შეძლო დაწინაურება. ამაზე ვინგეგაარდს პასუხი არ აღმოაჩნდა.

კაემნას ბოლოს როგლიჩმაც გაასწრო, ვინც ორი დღით ადრე დაეცა და მხრის ტრავმა მიიღო, მაგრამ ასპარეზობა მაინც გააგრძელა. მეშვიდე ეტაპის ფინიშზე, ის თანამემამულეს 12 წამით ჩამორჩა. კაემნა მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ამრიგად, შვიდი ეტაპის შემდეგ, პოგაჩარი ვინგეგაარდს 35 წამს უგებს. მესამეზე კი ტურის ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი გერეინ თომასია, ვინც ლიდერს წუთით და 10 წამით ჩამორჩება. მან მეშვიდე ეტაპი მეხუთე ადგილზე დაასრულა. საინტერესოა, რომ მოწინავე ათეულში, თომასის კიდევ სამი თანაგუნდელი (ინეოს გრენადერსი) შედის.

1.031441