კალათბურთი

0:32 | 8.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: საქართველოს ნაკრების მეტოქეები და კალენდარი ცნობილია

კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. 8-დან 7 ჯგუფში ყველაფერი 4 ივლისს დალაგდა, მხოლოდ ჩვენს ჯგუფში იყო დარჩენილი ერთი მატჩი, რომელიც 3 თვის წინ უნდა ჩატარებულიყო და უკრაინაში დაწყებული ომის გამო გადაიდო. უკრაინელებმა საქართველოს მსგავსად ლატვიის დედაქალაქ რიგაში უმასპინძლეს ესპანელებს და დაძაბულ ბრძოლაში – 76:77 დამარცხდნენ, რაც საქართველოს ნაკრებისთვის კარგი შედეგი გახლდათ და აი რატომ:

უკრაინას რომ მოეგო, ჩვენი ჯგუფის 3 ნაკრებს – ესპანეთს, უკრაინას და საქართველოს თანაბარი ქულები – 4 გამარჯვება და 2 მარცხი უგროვდებოდათ. ამ გუნდებს შორის ბურთების შეფარდებით კი პირველზე ესპანეთი, მეორეზე უკრაინა და მესამეზე საქართველო გავიდოდა. თუმცა დაკავებულ ადგილებს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. აქ საქართველოსთვის ცუდი ის იყო, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე უკრაინას დამატებით ესპანეთთან გამარჯვება გაჰყვებოდა – ანუ ჩვენც და უკრაინასაც მომდევნო ეტაპზე თანაბარი: 2-2 მოგება გვექნებოდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უკრაინას ჩვენთან ნათამაშებ პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩებში ბურთების შეფარდების წყალობით უპირატესობა აქვს (5 ქულით წააგო და 13-ით მოგვიგო), ეს მომენტი, რა თქმა უნდა, სლავებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებდა.

ახლა კი რა ხდება? მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს წინ ესპანეთი, იტალია და ისლანდიაა (სამივეს 3 მოგება), საქართველო კი მე-4 ადგილზეა 2 მოგებით, შემდეგ მოდიან 1 მოგების მქონე უკრაინა და გამარჯვების გარეშე მყოფი ნიდერლანდები. მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველო (ისევე როგორც უკრაინა და ესპანეთი) 3 მეტოქესთან (იტალია, ისლანდია, ნიდერლანდები) 6 მატჩს (შინ და სტუმრად) გამართავს. 6 ტურის შემდეგ საუკეთესო 3 გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

მე-2 ჯგუფური ეტაპის ცხრილი
1. ესპანეთი 7 ქულა
2. იტალია 7 ქულა
3. ისლანდია 7 ქულა
4. საქართველო 6 ქულა
5. უკრაინა 5 ქულა
6. ნიდერლანდები 4 ქულა

6 ტურის მატჩი 3 ფანჯრის ფარგლებში გაიმართება. პირველი ფანჯრის 2 შეხვედრას საქართველო აგვისტოში გამართავს – 24-ში თბილისში ჰოლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 27 აგვისტოს სტუმრად იტალიას ეთამაშება. შემდეგი ორ მატჩს საქართველო ნოემბერში გამართავს, ხოლო ბოლო 2 ტური 2023 წლის თებერვალში დანიშნულ ფანჯრის ფარგლებში ჩატარდება.

2022 წელი
24 აგვისტო საქართველო – ნიდერლანდები
27 აგვისტო იტალია – საქართველო

2022 წელი
11 ნოემბერი ისლანდია – საქართველო
14 ნოემბერი საქართველო – იტალია

2023 წელი
23 თებერვალი ნიდერლანდები – საქართველო
26 თებერვალი საქართველო – ისლანდია

GBF.GE

0.126177