სხვა

23:59 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოგაჩარმა ტურის მეექვსე ეტაპი მოიგო და ყვითელი მაისური ჩაიცვა

ტურ დე ფრანსის მოქმედმა ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა, ველომარათონის მეექვსე ეტაპი მოიგო და ლიდერის ყვითელი მაისური გადაიბარა. პოგაჩარისთვის ეს ტურის ეტაპებზე მოპოვებული მეშვიდე გამარჯვებაა და მიმდინარე რბოლაში - პირველი.

220-კილომეტრიანი (წლევანდელ ტურზე ყველაზე გრძელი ეტაპია) რბოლის მიწურულს, სპრინტერულ ფინიშზე მან უკან ჩამოიტოვა ავსტრალიელი მაიკლ მათეუსი და ფრანგი დავიდ გაუდუ.

„გუნდმა შესანიშნავად იმუშავა და სპრინტის წინ, საუკეთესო პოზიციაზე გამიყვანა. მეც ფეხებმა კარგი სამსახური გამიწია. ძალიან მიხარია, რომ ეს რბოლა მოვიგე. დანარჩენი ყველაფერი ბონუსია“, - განაცხადა „UAE ტიმ ემირატსის“ ლიდერმა.

პოგაჩარმა თავისი თანამემამულის, პრიმოჟ როგლიჩის შეცდომით ისარგებლა, რომელმაც საკუთარი ძალები ვერ შეაფასა და ფინიშამდე ფეხები არ მიჰყვა. სწორედ მას მიჰყვებოდა პოგაჩარი და როდესაც იგრძნო, რომ როგლიჩი დაიღალა, მისი ზურგის უკნიდან, გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა.

ამ გამარჯვების შემდეგ, სლოვენიელი ისევ ყვითელ მაისურში გამოეწყო. ის მეორეზე მყოფ ამერიკელ ნილსონ პაულესს ოთხ წამს უგებს. მესამეზე კი დანიელი იონას ვინგეგაარდია, ვინც ახალ ლიდერს 27 წამით ჩამორჩება.

ახლა უკვე ყოფილმა ლიდერმა, ბელგიელმა ვუტ ვან აერტმა, რამდენიმე მრბოლთან ერთად, შეტევა ადრე დაიწყო. მაგრამ დაწინაურებულებს ძალა არ ეყოთ და ისინი პელოტონმა ფინიშამდე 11 კილომეტრით ადრე დაიჭირა. მერე კი პოგაჩარმა თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულა...

0.118004