ჩოგბურთი

21:56 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონის ფინალში ტუნისელი ჟაბური და ყაზახი რიბაკინა ითამაშებენ

ტუნისელი ონს ჟაბური პირველი არაბი ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ტურნირის ფინალში ითამაშებს. და ელენა რიბაკინა პირველი ჩოგბურთელია ყაზახეთიდან, ვინც დიდი სლემის ტურნირის ტიტულისთვის იბრძოლებს. ასეთი ფინალი ელის უიმბლდონის ქალთა ბადეს.

ჟაბურმა ფინალის საგზურისთვის შეხვედრაში, თავისი გერმანელი მეგობარი, ტატიანა მარია 6-2, 3-6, 6-1 დაამარცხა. რუსეთში დაბადებულმა რიბაკინამ კი 6-3, 6-3 რუმინელ სიმონა ჰალეპს მოუგო.

კორტზე გასვლამდე, ჟაბურმა თქვა, რომ შეხვედრის შემდეგ ყველაზე საოცარი, მეგობართან ჩახუტება იქნებოდა. შეხვედრა რომ დასრულდა, ორი ჩოგბურთელი ბადის ორივე მხრიდან ერთმანეთს გადაეხვია და ისინი კარგა ხანს ერთმანეთს ყურში რაღაცას ეუბნებოდნენ.

34 წლის მარია მარგარეტ კორტის შემდეგ პირველი ჩოგბურთელია, ვინც ორი შვილის გაჩენის შემდეგ, უიმბლდონის ნახევარფინალში ითამაშა. კორტმა ეს შორეულ 1975 წელს შეძლო.

„არ ვიცი, რა ვთქვა. წლების შრომის შემდეგ, ოცნება ავისრულე. მიხარია, რომ ამ შრომას სასურველი შედეგი მოჰყვა. მისი დარტყმების მოსაგერიებლად, ბევრი სირბილი მომიწია. ამისთვის ახლა ბარბექიუ უნდა მიკისროს. მინდოდა, ეს მომენტი მისთვის გამეზიარებინა. ის ბევრი ჩოგბურთელის, მათ შორის ჩემთვისაც, შთაგონების წყაროა. არ ვიცი, ორი შვილის გაჩენის შემდეგ, ეს როგორ შეძლო. ფიზიკური შესაძლებლობებით, ტატიანა ნამდვილი მხეცია. კარგი იქნება, თუ აღარ შევხვდები“, - განაცხადა ჟაბურმა.

სანამ ჩოგბურთელები კორტზე გავიდოდნენ, ჩოგბურთის ამერიკელმა ლეგენდამ ბილი ჯინ კინგმა განაცხადა, რომ ჟაბურისთვის ჩოგბურთი ტუნისის, აფრიკის და არაბი ქალების დასახმარებლად, საუკეთესო პლატფორმაა.

„ვიცი, ტუნისში ახლა ყველა გადარეულია ჩემ გამო. მე ამაყი ტუნისელი ქალი ვარ. ვცდილობ, ბევრისთვის შთაგონების წყარო გავხდე. მინდა, ტურზე ბევრი არაბი და აფრიკელი ჩოგბურთელი ვიხილო. მე მიყვარს ეს თამაში და მინდა, ჩემი გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო“, - დასძენს 27 წლის ჟაბური.

0.163598