ფეხბურთი

0:29 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

უგოლოდ ბრატისლავაში: "დინამო ბათუმის" მისაღები შედეგი საპასუხო თამაშის წინ

საქართველოს ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სადებიუტო თამაში ჩაატარა და სტუმრად სლოვაკეთის ჩემპიონ „სლოვანს“ შეხვდა.

გია გეგუჩაძის გუნდი საპასუხო შეხვედრას შეიძლება ითქვას დადებითი და მისაღები შედეგით შეხვდება, რადგან ბრატისლავაში გოლი არ გასულა - 0:0.

აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა ტაიმზე მეტი ხანი კაცნაკლულებმა ითამაშეს და მეტოქისთვის ტოლი არაფერში დაუდიათ. გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, ამდენად, ფრე ალბათ ლოგიკური შედეგია.

პირველ ტაიმში ვლადიმირ ვაისის გუნდი უფრო ახლოს იყო გოლთან და გაიტანდა კიდეც, რომ არა ლაზარე კუპატაძის ბრწყინვალე თამაში. ბათუმელთა მეკარემ საკუთარი გუნდი გარდაუვალი გოლისგან ურთულეს სიტუაციებში სამჯერ იხსნა. 32-ე წუთზე კუპატაძესთან პირისპირ ჩეხი მცველი იური მედვედევი დარჩა, მაგრამ ქართველმა მეკარემ წარმოუდგენელი ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამ კუთხურს მეორე დარტყმა მოჰყვა და ამჯერად ლაზარემ კიდევ ერთ ჩეხ ფეხბურთელ იარომირ ჟმრალს აჯობა. 38-ე წუთზე ბათუმელთა მეკარემ იურაი კუცკას შორეული დარტყმა უკუაგდო. 42-ე წუთზე კი სტუმრებს კაპიტანი მამუკა კობახიძე გაუძევეს, რომელმაც ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო.

მეორე ტაიმში „დინამო ბათუმმა“ უკეთ ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში იყო. ბათუმელებს სწორედ შესვენების შემდეგ ჰქონდათ საგოლე მომენტები და მეტოქესაც უფრო ნაკლებად მისცეს ხიფათის შექმნის საშუალება, ვიდრე პირველ ტაიმში. გოლთან ახლოს იყვნენ ჯოვინო და ზურიკო დავითაშვილი, თუმცა, ორჯერვე სლოვაკების მეკარემ კარგად ითამაშა. 58-ე წუთზე მოედანზე მასპინძელთა შორის გიორგი ჩაკვეტაძე გამოჩნდა, რომელსაც „სლოვანში“ დებიუტი ჰქონდა და ერთ წუთში ქართველის უზადო პასით გოლის გატანა მედვედევს შეეძლო, მაგრამ მას კუპატაძემ ისევ აჯობა. 89-ე წუთზე უკვე გურამ კაშიამ გაიყვანა კარგ პოზიციაში თანაგუნდელი გრინი, რომელმაც კარს ოდნავ ააცილა. ბოლო წუთზე საგოლე მომენტი დინამოსაც ჰქონდა, მაგრამ ლადო მამუჩაშვილის შორეული დარტყმა ჩოვანმა კუთხურზე მოიგერია. ამრიგად, უგოლო ფრე და ყველაფერი საპასუხო მატჩში 13 ივლისს, ბათუმში გადაწყდება.

აქვე გეტყვით, რომ გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ 58-ე წუთიდან.

„სლოვანი“ – „დინამო ბათუმი“ 0:0 (0:0)

ბრატისლავა, „ტეჰელნე პოლე“

„სლოვანი“ (4-2-3-1): ჩოვანი; მედვედევი, კაშია, აბენა, დე მარკო (ჩაკვეტაძე 58); კანკავა, კუცკა (ჰოლმანი 86); ბარსეგიანი (გრინი 58), ვაისი (ჩავრიჩი 78), ჟმრალი; რამირესი (საპონიჩი 58)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

„დინამო ბათუმი“ (4-2-3-1): კუპატაძე; ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი; ტეიდი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 86); მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (რეხვიაშვილი 45), დავითაშვილი (ვაწაძე 72); ჯოვინო (რადინი 72)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გაფრთხილება: ბარსეგიანი (54), საპონიჩი (90) - ტეიდი (1), კობახიძე (26, 42), ჩაბრაძე (76), კუპატაძე (90), რეხვიაშვილი (90)

გაძევება: კობახიძე (42)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 12 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: დევიდ ქუთი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111584