ჭოკით ხტომაში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ამერიკელი სემ კენდრიკსი ტიტულის დასაცავად იუჯინის (აშშ, შტატი ორეგონი) მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს. მას ოპერაციის შემდგომ გამოჯანმრთელების პროცესი გაუჭიანურდა და შესაბამისად, ვერც მომზადება მოასწრო.
29 წლის ათლეტს აპრილის შემდეგ არსად უასპარეზია. მან 2 მაისს მუხლის ოპერაცია გაიკეთა. მან ვერც ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზა, რადგან კოვიდ-19-ის ვირუსი შეეყარა. არადა, ამჟამად შვედ არმანდ დუპლანტისთან მეტნაკლები მეტოქეობა მხოლოდ მას შეუძლია.
„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ის მზად იქნებოდა. მაგრამ გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ნელა წარიმართა, ვიდრე ველოდით. სემი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, თუ რეაბილიტაციას მეტ დროს დაუთმობს, რათა მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ შეჯიბრებზე მაინც შეძლოს გამოსვლა“, - ამბობს კენდრიკსის აგენტი პოლ დოილი.
მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე კენდრიკსი 5.95 მეტრზე გადახტა და ოქროს მედალს დაეუფლა. ორი წლის შემდეგ კი მისი ოქროს ნახტომი 5.97 მეტრზე იყო. ამერიკელი რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს დასჯერდა.