ტურინის „იუვენტუსი“ ცენტრალურ მცველს ეძებს, რადგან ჯორჯო კიელინიმ გუნდი დატოვა, ხოლო მატაის დე ლიხტის წასვლაც ძალიან რეალურია.
ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ დღეს „იუვეს“ სპორტული დირექტორი ფედერიკო კერუბინი „ნაპოლის“ ფეხბურთელ კალიდუ კულიბალის აგენტ ფალი რამადანს შეხვდა და სენეგალელი მცველის ტრანსფერზე ისაუბრეს.
ჯერჯერობით, დეტალები უცნობია, მაგრამ „იუვენტუსის“ ინტერესის შესახებ დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია. 31 წლის მცველს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება, რაც ზრდის იმის შანსს, რომ კლუბი დატოვოს. კალიდუ ხელშეკრულების განახლებაზე უარს ამბობს, ნეაპოლელთა პრეიზდენტ აურელიო დე ლაურენტისს კი ცხადია, 1 წლის შემდეგ მისი უფასოდ დაკარგვა არ უნდა. დე ლაურენტისი „ნაპოლის“ კაპიტანში 40 მილიონ ევროს ითხოვს.
"იუვენტუსი" მზადაა ნეაპოლელებს 30 მილიონი ევრო გადაუხადოს და ფეხბურთელს სეზონში ხელფასის სახით 6 მილიონი ევრო მისცეს.
შეგახსენებთ, რომ კალიდუ კულიბალი „ნაპოლიში“ 2014 წლიდან თამაშობს და 317 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი. მანამდე სენეგალელი ფრანგული „მეცისა“ და ბელგიური „გენკის“ ღირსებას იცავდა.