მარსელის „ოლიმპიკი“ სტივ მანდანდამ დატოვა. ინფორმაცია ფრანგული კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა.
მანდანდა „მარსელში“ 2007 წლიდან თამაშობდა და კლუბის ლეგენდად იქცა. ფრანგმა კარის დარაჯმა ამ პერიოდში ოლიმპიკელთა კარი 613 შეხვედრაში დაიცვა. ის 2016-2017 წლების სეზონში „კრისტალ პალასში“ იჯარით გადავიდა, მაგრამ „ველოდრომზე“ დაბრუნდა.
საინტერესოა, რომ მანდანდა 13 სეზონის განმავლობაში „მარსელის“ მთავარი მეკარე იყო და მხოლოდ გასულ სეზონში დაკარგა სასტარტოში ადგილი, მიუხედავად ამისა, 2021-2022 წლების სეზონში მოედანზე 20-ჯერ მაინც გავიდა. კარიერის საწყის ეტაპზე ის „ლე ჰავრში“ ირჯებოდა.
სტივს 2008-2020 წლებში საფრანგეთის ნაკრებში 34-ჯერ უთამაშია და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან „მარსელში“ ერთხელ საფრანგეთის ჩემპიონატი, სამჯერ საფრანგეთის ლიგის თასი და ორჯერ სუპერთასი მოიგო, ხოლო 2018 წელს ევროპა ლიგის ფინალში დამარცხდა. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 37 წლის მეკარე.