ფეხბურთი

14:59 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ვალდებულები ვართ, მომდევნო ეტაპზე გავიდეთ"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონურ „პაიდესთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ქართველი სპეციალისტის განცხადებით, „დინამო“ ვალდებულია ეს ბარიერი გადალახოს და მომდევნო ეტაპზე გავიდეს, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ ახლა „დინამო თბილისი“ არ არის ისეთ ვითარებაში, რომ ვინმეს ზემოდან უყუროს, ამიტომ, მათთვის ყველა თამაში გამოწვევაა.

„ჩვენთვის ყოველი თამაში, ყოველი ეტაპი არის გამოწვევა და სრული სერიოზულობით ვემზადებით, როგორც გუნდი, ისე მთლიანად კლუბი. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებული არიან და რა თქმა უნდა, ნერვიულობის საფუძველი არ მაქვს იმ კუთხით, რომ ფეხბურთელები მოტივირებული იქნებიან თუ არა, რადგან არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს ზემოდან ვუყუროთ. ამიტომ, მინდორზე ყველა თამაშში 100%-ით დავიხარჯებით.

„დინამო ბათუმთან“ თამაში ევროტურნირების წინ ძალიან კარგი იყო და ვფიქრობ, რომ ბევრი რაღაც დაგვანახა. თუმცა, არა მგონია, რომ რომელიმე კონკრეტული რგოლის პრობლემა იყო, ვფიქრობ, რომ მთლიანად გუნდმა ვერ ითამაშა და მეტოქემ გვაჯობა. მეკარის და მცველების შეცდომები ბოლოს ჩანს, მაგრამ იქამდე რომ მიდის საქმე, მთლიანად გუნდის ბრალია. ყველა რგოლში გაძლიერება რომ გვჭირდება, ფაქტია და ვმუშაობთ ამაზე. ვცდილობთ და ძალიან კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ იმრანი, რომელიც იდეალურ ფორმაში ჯერ არის, მაგრამ განაცხადში იქნება და ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვლაზე შევიდეს.

არ ვიცი, მეტოქე როგორი გუნდია, კი გავაანალიზეთ და ვნახეთ მისი მატჩები, მაგრამ ასე რთულია პროგნოზის გაკეთება, ეს ჩემი საქმე არც არის. ჩემი საქმეა კონკრეტულად ეს თამაში და ვალდებულები ვართ, მომდევნო ეტაპზე გავიდეთ, მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ „არარატ-არმენიაზე“.

კობოური და კუცია მზადების პროცესში არიან, სრული დატვირთვით ვარჯიშობენ, კარგად გამოიყურებიან, მაგრამ ეს არის კონკრეტული თამაში, რომლისთვისაც მთელი გუნდი ემზადება. ვნახოთ, გამოვლენ თუ არა, ისინი მოედანზე, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ გარკვეული პერიოდის უთამაშებელი არიან. „დინამო ბათუმთან“ შეხვედრაში ჩემი გუნდის მხრიდან ფსიქოლოგიური პრობლემა ვერ დავინახე. ეს იყო თამაში, რომელშიც უბრალოდ გვაჯობეს და მოგვიგეს. მომენტები, რომლებიც გამოიყენეს, რგოლებში უკეთესად გამოიყურებოდნენ, ჩვენ კი ცოტა რაღაცებში ჩამოვრჩით, მაგრამ არ მაქვს საბაბი, რომ ჩემი გუნდის ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე ვინერვიულო. ამ ფეხბურთელების მჯერა და ვიცი, რომ შეუძლიათ ძალიან მაღალ დონეზე თამაში. დანარჩენს დრო გვიჩვენებს და წინასწარ ლაპარაკს აზრი არ აქვს. უმჯობესია ახლა ნაკლები ვილაპარაკო და მინდორზე ჩანდეს ყველაფერი.

გულშემატკივარი მნიშვნელოვანი რომ არის, რად უნდა საუბარი. „დინამო ბათუმს“ შედეგი რომ აქვს, ამ გარემოს და მუხტის დამსახურებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი გარემო ყველგან იყოს და ჩვენ ძალიან გვჭირდება გულშემატკივარი. ზუსტად ეს გარემო არის, როდესაც გუნდს რაღაც არ გამოგდის, იმაზე მეტს გაკეთებინებს, ვიდრე შეგიძლია. ამიტომ, მოვუწოდებ ხალხს, მოვიდნენ და „დინამოს“ უგულშემატკივრონ. ძალიან რთულია ფანების გარეშე შედეგის მიღწევა“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.

პრესკონფერენციაზე მწვრთნელთან ერთად „დინამო თბილისისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი იყო და კომენტარი მანაც გააკეთა:

„საერთაშორისო მატჩებს ცოტა სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ მე ყველა თამაშს პროფესიონალურად ვუდგები და ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო. ეროვნული ნაკრების თამაშზე უფრო მეტი ხალხი მოდის სტადიონზე და სხვანაირი გარემო იქმნება და ცოტა რთულია შეუჩვეველი ფეხბურთელისთვის, რადგან საქართველოს ჩემპიონატში ბევრი ხალხი არ დადის. ვფიქრობ, გამომადგება საქართველოს ნაკრებში თამაში, რადგან იქ ძალიან დიდი ფეხბურთელები თამაშობენ და ეს გამოცდილება გამომადგება.

გულშემატკივარი ძალიან ბევრს აკეთებს და „დინამო ბათუმს“ ფანები ძალიან ეხმარებიან. ვნახეთ, საქართველოს ნაკრების თამაშზეც რამდენიმე ხალხი მოვიდა და ეს ფეხბურთს ძალიან ეხმარება. ვიტყვი, რომ გულშემატკივარი მოვიდეს და გვერდში დაგვიდგეს. ფანებს უნდათ შეტევა და გოლი, ჩვენი ფილოსოფიაც ეს არის, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ და ისინი გავახაროთ“, - თქვა მექვაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისისა“ და „პაიდეს“ მატჩი 7 ივლისს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

0.156833