სხვა

3:46 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვან აერტმა ტურზე ლიდერობა განიმტკიცა

ორშაბათის უქმეობის შემდეგ, ტურ დე ფრანსი უკვე საფრანგეთში გაგრძელდა, სადაც მეოთხე ეტაპი, ბელგიელი ვუტ ვან აერტის გამარჯვებით დასრულდა. ამით მან ველომარათონზე ლიდერობა განიმტკიცა. „ჯუმბო-ვისმას“ მრბოლმა, თანაგუნდელების შემწეობით, გადამწყვეტი შეტევა ფინიშამდე 12 კილომეტრით ადრე, მცირე აღმართზე დაიწყო.

ვან აერტმა ეულად მიაღწია ფინიშს და ტიურზე თავის კარიერაში მეშვიდე ეტაპი მოიგო. მეორე ადგილი ბელგიელმა იასპერ ფილიპსენმა დაიკავა, მესამეზე კი ფრანგი კრისტოფ ლაპორტი გავიდა. გამარჯვებულს ორივე რვა წამით ჩამორჩა. ამ გამარჯვების შემდეგ, ვან აერტი 25 წამს უგებს კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე მყოფ თანამემამულე ივს ლამპერტს, ვინც პირველი ეტაპი, დროზე რბოლა მოიგო. მესამეზეა მოქმედი ჩემპიონი, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი (UAE ემირატსი), ვინც ლიდერს 32 წამით ჩამორჩება.

„საერთოდ, მესამე ცდაზე უმართლებთ ხოლმე, მე კი მეოთხეზე გამიმართლა. მაგრამ მთავარია, რომ მოვიგე. ეს შესანიშნავი მიღწევაა, რადგან ასეთი ეტაპები, სპრინტერული ფინიშით მთავრდება ხოლმე და მათი სოლო გარღვევით მოგება, პრაქტიკულად შეუძლებელია“, - ამბობს ვან აერტი.

მეხუთე ეტაპზე, რბოლის მონაწილეებს ურთულესი ქვაფენილიანი მონაკვეთები ელით, რომელთა ჯამური მანძილიც 20 კილომეტრია. ამ გზებს ხშირად „ჩრდილოეთის ჯოჯოხეთსაც“ უწოდებენ. ფავორიტების მთავარი ამოცანა, რისკებისგან თავის არიდება და ფინიშამდე მისვლა იქნება.

0.116613