საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ბრატისლავის „სლოვანის“ მცველმა გურამ კაშიამ სლოვაკურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც „დინამო ბათუმზე“ ისაუბრა.
35 წლის ფეხბურთელის განცხადებით, არ გაუხარდა, რომ წილისყრის შემდეგ მეტოქედ ქართული გუნდი შეხვდათ. როგორც გურამმა თქვა, ის ევროთასებზე ყველა ქართულ კლუბს გულშემატკივრობს, მაგრამ ამჯერად საკუთარი გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
- როგორ ემზადება გუნდი ახალი სეზონისთვის და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის?
- შესანიშნავი შეკრება გვქონდა და უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩისთვის მოვემზადეთ. მზად უნდა ვიყოთ, სხვა გზა არ გვაქვს. მჯერა, რომ ახალი ფეხბურთელებიც დაგვეხმარებიან. ახალ სეზონს მოუთმენლად ველოდებით. ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ევროთასებზე წარმატება კლუბს და ჩვენი გულშემატკივრების ამბიციების დასაკმაყოფილებლად გვჭირდება. ეს ჩვენთვის გარკვეული ზეწოლაცაა, მაგრამ ამას უნდა გავუმკლავდეთ.
- როცა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა, გაგიხარდათ, რომ „სლოვანს“ ქართული მეტოქე შეხვდა?
- სინამდვილეში სულაც არა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან კარგი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც გაგვიჭირდება. მეორეც, იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყნის კლუბია და ევროთასებზე ქართულ გუნდებს ყოველთვის ვგულშემატკივრობ. ასე რომ, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მიხარია, რომ „დინამო ბათუმს“ ვეთამაშებით. ველოდებით გუნდს, რომელმაც ბოლო პერიოდში წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს გუნდს წინსვლაში დავეხმარო.
- ბათუმის დინამო სლოვაკეთში შედარებით უცნობი გუნდია. გასულ წელს მან მოახერხა ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. კიდევ რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- კლუბი საქართველოს იმ კუთხიდანაა, სადაც ფეხბურთი უაღრესად პოპულარულია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გუნდი მუდმივად იხვეწებოდა, რაც დაგვირგვინდა ჩემპიონატის მოგებით. კლუბმა ააშენა ახალი 20 000-იანი სტადიონი, რომელიც ყველა მატჩში, თუნდაც ჩემპიონატის, ფანატიკოსი გულშემატკივრებით ივსება. სპორტული დირექტორი ჩემი მეგობარი ვლადიმერ დვალიშვილია.
- არის თქვენი ყოფილი თანაგუნდელი წვლილი ამჟამინდელ წარმატებაში?
- ამაზე ვერ გიპასუხებთ. თუმცა, სისტემა, რომელშიც ის მუშაობს, აშკარად მუშაობს. ის ჩემზე მხოლოდ ერთი წლითაა უფროსი, მაგრამ უკვე წარმატება აქვს ახალ კარიერაში და დიდ საქმეს აკეთებს. მან მოიყვანა შესანიშნავი მოთამაშეები და შექმნა კარგად მომუშავე მანქანა. გულშემატკივრები კმაყოფილები არიან და გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. გუნდი კვლავ ლიდერობს უმაღლეს ლიგას და ტიტულის დასაცავად საუკეთესო გზაზე დგას.
- ჰყავს თუ არა ბათუმის დინამოს ძლიერი მფლობელი და კლუბს შეუძლია ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელების შეძენა?
- მე ვიცნობ მფლობელს. უყვარს ფეხბურთი და უყვარს ქალაქი. ის თანხებს სწორად ხარჯავს. ის ფეხბურთელების დიდ სახელებს არ უყურებს, მაგრამ სკაუტინგი კარგად მუშაობს. გუნდში ასევე არიან შესანიშნავი ლეგიონერები, მაგალითად, ბრაზილიელი თავდამსხმელი ფლამარიონი. მოედნის შუაგულში რამდენიმე ახალგაზრდა ნიჭიერი ადგილობრივი ფეხბურთელია.
- მწვრთნელ გია გეგუჩაძესაც იცნობთ?
- ჯერ ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როცა ის დინამო თბილისის წვრთნიდა. ამ დროს მე ვიყავი B-გუნდში, საიდანაც ერთად მუშაობის საშუალება გვქონდა. ის ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია, რომლის ძლიერი იარაღი ტაქტიკური მხარეა. უყვარს მიმზიდველი ფეხბურთის თამაში, ინტენსიური შეტევებით და ბურთის ხშირი ფლობით. ახლა ბათუმში ამ სტილისთვის შესაფერისი ფეხბურთელები ჰყავს.
- ვინ იქნება ყველაზე დიდი საფრთხე ინდივიდუალურად?
- აუცილებლად ჯიღაური, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. შემდეგ არის დავითაშვილი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში შესანიშნავი მატჩები ჩაატარა. დაცვაში ეროვნული ნაკრებიდან სამი მოთამაშეა: მარცხენა მცველი აზაროვი, ცენტრალური მცველი კობახიძე და მარჯვენა მცველი ჩაბრაძე. თუმცა სხვების დასახელებაც შემიძლია. ამასთან, ეს ნიშნავს, რომ გუნდს დიდი გამოცდილება აქვს. ყველა ხაზში არიან კარგი მოთამაშეები, რომლებიც საჭირო ბალანსს ქმნიან. შესაძლოა, ეს ძალიან დადებითად ჟღერს ჩემი მხრიდან, მაგრამ ეს ჩემი ქვეყნის კლუბია. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დინამო სლოვანზე უკეთესია. ჩვენც ასევე ძალიან კარგი გუნდი გვყავს.
- ასე რომ, ეს ორივე კლუბისთვის დიდი გამოწვევა იქნება, არა?
- აუცილებლად. მე ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მომდევნო ეტაპზე გასვლა. თუმცა გასაგებია, რომ ადვილი არ იქნება.
- მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებზე რომ ვსაუბრობდით, როგორია?
- ნამდვილად არ ვარ კარგი პროგნოზისტი, ამიტომ ციფრებს არ ვიტყვი. თუმცა მჯერა, რომ უკეთესები ვიქნებით და შემდეგ ეტაპზე გავალთ.
- სლოვანისთვის კარგი ამბავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში გადასვლა მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აღარ ითამაშებს?
- ვლოცულობდი, რომ ის „ნაპოლიში“ წასულიყო და ჩვენთან არ ეთამაშა. ის წარმოუდგენელი ტალანტია. მარცხენა გარემარბი, რომელიც ბურთით წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს. ვინმესთან რომ მომიწიოს შედარება, ვლადიმირ ვაისს ჰგავს. არ მინდა ვთქვა, რომ უკეთესია, მაგრამ უფრო ახალგაზრდაა.
- წილისყრის შემდეგ ბევრი ზარი გქონდათ საქართველოდან?
- კი. პირველმა დამირეკა სპორტულმა დირექტორმა დვალიშვილმა. აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა გუნდში ჩემს გადაბირებას. მკითხა, რა პირობებზე ვიქნებოდი თანახმა, მე ვუპასუხე, რომ ვერ ჩემს ხელფასს ვერ გადამიხდიდნენ. მართლა ძალიან ბევრი მირეკავდა და მწერდა. და არა მარტო ჟურნალისტები, დინამოს გულშემატკივრებიც. ბათუმში რამდენიმე სანაკრებო მატჩი ჩავატარეთ და იქ ხალხს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უყვართ. ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ დინამოსთან მთელი ძალით არ მეთამაშა. რა თქმა უნდა, ამას იუმორით ვუყურებ და მოედანზე ყველაფერს გავაკეთებ.
- როგორ მატჩს ელით პირველ მატჩში?
- ტაქტიკას მწვრთნელები განსაზღვრავენ, მე არ ვარ ამ კითხვისთვის შესაფერისი ადამიანი. ვნახოთ, შესაძლოა, სტუმრებმა თავიდანვე არ ითამაშონ აგრესიული პრესინგით და დაელოდონ. მთელი გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ, რისი წყალობითაც შევძლებთ გავაანალიზოთ, რას მოგვიმზადებს მეტოქე.
- რამდენად მნიშვნელოვანია სლოვანისთვის ის ფაქტი, რომ ვლადიმირ ვაისი ქართულ ფეხბურთს იცნობს?
- მე და ვლადიმერ ვაისი ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ის ასევე იცნობს ქართველ ფეხბურთელებს, განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების წევრებს. დინამოს მწვრთნელსაც იცნობს, რომელიც მაშინ 21-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა.
- რას გრძნობდით, როცა მან ორი დღით დატოვა სლოვანი?
- მოწყენილი, თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ ბედნიერი ვიყავი, რადგან ის დაბრუნდა. მან აქ მომიყვანა, მანამდე ხუთი წელი მავარჯიშებდა ეროვნულ ნაკრებში. ვაისი ჩემი საფეხბურთო მამაა. ის ჩვენზე ზრუნავს და ჩვენ ვცდილობთ, ეს კარგი თამაშით დავუფასოთ.
- როდესაც შარშან სლოვანში ჩამოხვედით, გარკვეული მოლოდინი გქონდათ. რამდენად გამართლდა?
- მოხარული ვარ, რომ სლოვანში ვარ. კარგი სეზონი გვქონდა, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. სლოვაკეთის ჩემპიონატი ვადაზე ადრე და განსაკუთრებით, დამსახურებულად მოვიგეთ. მხოლოდ თასის ფინალში წაგების გამო ვწუხვართ. მომავალ სეზონში გვინდა ეს გამოვასწოროთ, გვსურს ტიტულის დაცვა და ისევ რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა. ბათუმში ჩემი ოჯახი აუცილებლად მოვა მატჩის საყურებლად. რაც უკვე ნათელია არის ის, რომ იქნება წარმოუდგენელი სიცხე და მაღალი ტენიანობა იქნება.