ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ეს სეზონი საუკეთესო არაა. უფრო მეტიც, ერთ-ერთი ყველაზე უარესია. ეს ყველაფერი ავსტრალიიდან დაიწყო და უიმბლდონამდე გაგრძელდა. მაგრამ ლონდონში სერბმა გაილაღა და უკვე ნახევარფინალშია. არადა, მეოთხედფინალში იტალიელი იანიკ სინერის ბარიერის გავლა ძალიან გაუჭირდა.
პირველი ორი სეტი სინერმა მოიგო და ისე ჩანდა, რომ მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ტურნირის ნაადრევად დატოვება უწევდა. მაგრამ დიდი სლემის ტურნირებზე გამარჯვებისთვის სამი სეტის მოგებაა საჭირო. ეს მესამე სეტი კი იტალიელმა ვეღარ მოიგო. ჯოკოვიჩმა მძიმე, ხუთსეტიან ბრძოლაში, 5-7, 2-6, 6-3, 6-2, 6-2 გაიმარჯვა. ნახევარფინალში ჯოკოვიჩი ბრიტანელ კამერონ ნორიეს დაუპირისპირდება.
ამგვარად, 35 წლის ჯოკოვიჩი, თავის კარიერაში, დიდი სლემის 43-ე ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ამათგან უკვე 11 უიმბლდონზე მოდის. გარდა ამისა, სერბს ლონდონურ ტურნირზე, 2017 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ 26 შეხვედრა აქვს მოგებული.
ჯოკოვიჩს ამ სეზონში დიდი სლემის ტურნირი ჯერ არ მოუგია. სულ მის ანგარიშზე 20 დიდი ტიტულია. 21-ე ტიტულთან ახლოს პარიზში იყო, მაგრამ როლან გაროსის მეოთხედფინალში, იქაურ „მეფესთან“, რაფაელ ნადალთან წააგო. არაა გამორიცხული, რომ მელბურნის მსგავსად, ის არც ნიუ იორკში შეუშვან, რადგან კოვიდ-19-ის პანდემია კუდს ჯერაც იქნევს და მისი მორიგი აფეთქების შემთხვევაში, დიდ ვაშლში აუცრელ ვიზიტორებს არ შეუშვებენ. ამიტომ, თუ ამ სეზონის უსლემოდ დასრულება არ სურს, სწორედ უიმბლდონზე აქვს ამის შანსი.