ფეხბურთი

21:05 | 5.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: "დინამო ბათუმი" ხარისხიანი გუნდია და კარგად მიცნობენ, მაგრამ არ გვეშინია"

ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

სლოვაკმა სპეციალისტმა, რომელიც 2016-2020 წლებში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა, განაცხადა, რომ მეტოქე ძლიერი და ხარისხიანი გუნდია, თუმცა მის გუნდს არ ეშინია და საპასუხო თამაშამდე დადებითი შედეგის მიღწევის იმედი აქვს.

„ამ დუელში უნდა გავიმარჯვოთ. ხარისხიანი მეტოქე გვყავს, რომელსაც ვიცნობ, მაგრამ ისინიც გვიცნობენ, რადგან საქართველოში ხუთი წელი ვიმუშავე. „დინამო ბათუმში“ მოქნილი ფეხბურთელები თამაშობენ, იციან რისი გაკეთება სურთ და ტონუსში არიან, რადგან მათი ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ქართულ ფეხბურთს ფართო ნიჭიერება ახასიათებს, დინამიური ტექნიკით. ისინი ბურთით სწრაფები და ძლიერები არიან, მოსწონთ შემტევი ფეხბურთი. ჩვენი ხვალინდელი მეტოქე ოთხი წლის წინ მეორე ლიგაში იყო, მაგრამ მას შემდეგ დიდი აღმასვლა განიცადა. გარდა ამისა, მწვრთნელმა აარჩია ისეთი სტილის ფეხბურთელები, რომლებსაც იცნობს და იცის, მათგან რა უნდა მიიღოს. თუმცა, მოედანზე სიარულს არც ჩვენ ვაპირებთ, მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია. უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ხარისხი, განსაკუთრებით ბევრი უბურთოდ ვირბინოთ. გვინდა, საპასუხო მატჩის წინ კარგი ვითარება შევიქმნათ.

მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გვქონია. ივნისში 8 ფეხბურთელი ნაკრებებში იყო წასული, სეზონის დასრულებისთანავე მე კორონავირუსი შემეყარა. იმედი მაქვს, რომ მატჩამდე უფრო კარგად მომზადებას მოვასწრებთ და ვიხილავთ გუნდს, რომელიც უფრო ახლოს იქნება ჩემს იდეებთან, თუნდაც, მე კმაყოფილი არასდროს ვიყო.

საქართველოში ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში უიღბლო დასასრულის გარდა, მშვენიერი წლები გავატარე, რომელიც ტკბილად მახსოვს. როცა ქართველების კარგი დღე აქვთ, ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ, მაგრამ როცა არა, შეიძლება ადვილად დამარცხდნენ, თუმცა, არა მგონია ხვალ ასე იყოს. მათ კარგი შემადგენლობა ჰყავთ და კარგ სეზონს ატარებენ. ქვეყანაში საუკეთესო ფინანსური პირობები აქვთ, ასევე კარგი სათამაშო პირობებიც, თუმცა, ასევე ჩვენც. ფიზიკური უპირატესობა შეიძლება ჩვენს მხარეს იყოს, მაგრამ ისინი უფრო ტექნიკურები არიან.

არ ვიცი, არის თუ არა „დინამო ბათუმის“ უპირატესობა ის, რომ საქართველოში სეზონი მიმდინარეობს და ჩვენთან არა. ვეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და ხარისხი ვაჩვენოთ. იმედი მაქვს, ახალწვეულები ხარისხით და გამოცდილებით დაგვეხმარებიან. „დინამო ბათუმმა“ სეზონის ნახევარი განვლო, ყოველ კვირაში თამაშობს და კარგ ფორმაშია, ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებიც, რაც ძალიან მახარებს და ბედნიერი ვარ, მაგრამ ხვალ ჩემი მეგობრები ჩემი მეტოქეები იქნებიან. იმედი მაქვს, მატჩის შემდეგაც ისეთი კარგი ურთიერთობა გვექნება, როგორც ახლა გვაქვს, საბოლოოდ, საუკეთესო გუნდი მოიგებს.

„დინამო ბათუმის“ ფეხბურთელები კარგად მიცნობენ? ახლა ცოტათი განსხვავებულად ვმუშაობთ, ვიდრე საქართველოში ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, ჯიღაური, კობახიძე, დავითაშვილი მიცნობენ, ისევე, როგორც გია გეგუჩაძე, რომელიც ჩემს დროს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მუშაობდა, მაგრამ რა მოხდება მოედანზე წინასწარ ვერ ვიტყვი. ხვალ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით. ჩვენთვის ეს სეზონში პირველი ოფიციალური მატჩია, ასევე პირველად ვითამაშებთ ჩვენს სტადიონზე, მას მერე, რაც ახალი საფარი დააგეს, რადგან ყველა ამხანაგური მატჩი სტუმრად ჩავატარეთ. ვიმედოვნებ, რომ საპასუხო მატჩს კარგი შედეგით შევხვდებით. ჩაკვეტაძე? ხვალ ვნახავთ, ახლა არ ვიცი, რამდენ წუთს ითამაშებს“, - განაცხადა ვაისმა.

მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი „სლოვანის“ ნახევარმცველმა იურაი კუცკამ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ შეცდომები არ უნდა დაუშვან.

„მთავარი კარგი თამაშის ჩვენება და გამარჯვებაა. ველოდები, რომ ისინი ბურთით ძალიან სწრაფად ითამაშებენ. მათთვის ახლა სეზონის შუა ნაწილია და ჩვენგან განსხვავებით უფრო შეთამაშებული არიან. შეცდომები და ბურთის ზედმეტი დაკარგვა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, რომ კონტრშეტევებისთვის სივრცე არ მივცეთ“, - აღნიშნა კუცკამ.

შეგახსენებთ, „სლოვანისა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩი 6 ივლისს, ბრატისლავაში, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა ბათუმში 13 ივლისს შედგება.

0.148843