„პარი სენ ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელად კრისტოფ გალტიე დაინიშნა. მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლების შემდეგ პარიზელებმა 55 წლის ფრანგი სპეციალისტის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურეს.
გალტიესა და „პარი სენ ჟერმენს“ შორის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
„ძალიან თავდაჯერებული ვარ. ლუის კამპოსთან ბევრი ვისაუბრე სამომავლო მიზნებზე. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ხალხი გავახაროთ. რადგან დავთანხმდი ამ სამუშაოს, ეს ნიშნავს, რომ ამის უნარი მაქვს. თუმცა, მარტო მიზნის მიღწევა რთული იქნება, ერთად ბევრად ძლიერები ვართ“, - თქვა გალტიემ.
გალტიე ბოლოს „ნიცაში“ მუშაობდა, ხოლო 2017-2021 წლებში „ლილის“ თავკაცი იყო და 2021 წელს კლუბს საფრანგეთის ჩემპიონატი მოაგებინა. თუმცა, გალტიეს კარიერის ყველაზე გამორჩეული პერიოდი 2009-2017 წლებში „სენტ-ეტიენში“ აქვს გატარებული.