კალათბურთი

0:42 | 5.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სკარიოლო: "ფანტასტიკური ატმოსფერო იყო, მაგრამ დარბაზი როგორც ჩანს, დღეს დილით დაასრულეს"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები დაამარცხა - 82:76.

მატჩის შემდეგ კომენტარი ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ გააკეთა, რომელიც „ვირტუს ბოლონიას“ თავკაციცაა და თორნიკე შენგელიაზე განსაკუთრებულად თბილად ისაუბრა. მან თბილისის ახალი დარბაზის შესახებაც საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

„პირველ რიგში ვულოცავ საქართველოს ნაკრებს და მის გულშემატკივრებს, ჩემს მეგობრებს ზუროსს და შენგელიას გამარჯვებას. მათ მოგება დაიმსახურეს, თუმცა გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო. უბრალოდ, საქართველომ ბოლო წუთებში ნაკლები შეცდომა დაუშვა. საკმაოდ კმაყოფილი ვარ ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეების ძალისხმევით, ზოგიერთი მათგანი უკვე გვიჩვენებს მომავალში რას გააკეთებს. თუმცა, ზოგიერთს საერთაშორისო დონეზე ნაკლები გამოცდილება აქვს და ბუნებრივია, რომ შეცდომებს უშვებენ, მაგრამ ამავდროულად სწავლობენ.

წაგება ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ უფრო მტკივნეული იქნებოდა, გუნდს უხასიათოდ და სულისკვეთების გარეშე რომ ეთამაშა. დღეს გუნდმა თავისი სახე აჩვენა და დადებითი ასპექტები იყო. შეგვეძლო გამარჯვება, მაგრამ წვრილმანი დეტალების გამო წავაგეთ.

შენგელიას კარგად ვიცნობ და ძალიან მიყვარს, როგორც კალათბურთელი და როგორც ადამიანი. ძალიან ჭკვიანურად თამაშობდა, თუნდაც ისე, როგორც მე ვარიგებ. მან შესანიშნავად ითამაშა, პასებიც დაარიგა და საქართველოს ნაკრებისთვის დიდი ლიდერია და საქართველოსთვის ბედნიერებაა, რომ შენგელია ჰყავს. საქართველოს ნაკრებში სამი ტოპკალათბურთელია - შენგელია, მაკფადენი და შერმადინი. დღეს არ იყო გოგა ბითაძე, ასე რომ, უფრო გაძლიერებაც შეუძლია. ახალი დარბაზი? როგორც ჩანს, მშენებლობა დღეს დილით დაასრულეს (იღიმის), ჯერ კიდევ არის რაღაცები, რაც ბოლომდე დასრულებული არაა. თუმცა, გულშემატკივრებმა თავიანთ გუნდს მხარი მაგრად დაუჭირეს და ფანტასტიკური ატმოსფერო შექმნეს, ისინი ძალიან კორექტულებიც იყვნენ. მოუთმენლად ველოდებით სექტემბერში აქ დაბრუნებას და დარწმუნებული ვარ, აქ ევროპის ჩემპიონატზე სიამოვნებას მივიღებთ“, - თქვა სკარიოლომ.

შეგახსენებთ, საქართველომ პირველი ჯგუფური ეტაპი 4 მოგებით და 2 წაგებით დაასრულა, თუმცა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებები გაბათილებულია. ამიტომ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე ილიას ზუროსის გუნდი 2 მოგებით გადავიდა. მეორე ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი მატჩი მიმდინარე წლის 24 და 27 აგვისტოს გაიმართება (მეტოქეები ჯერ უცნობია), ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები თბილისში, ბელგიის, ესპანეთის, თურქეთის, ბულგარეთისა და მონტენეგროს ნაკრებებს შეხვდება (1 სექტემბრიდან 7 სექტემბრამდე).

0.113223