კალათბურთი

23:30 | 4.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი: "მართლაც საოცრად ვითამაშეთ, მწვრთნელის დავალებები თითქმის 100%-ით შევასრულეთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები დაამარცხა - 82:76.

მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გიორგი შერმადინმა და ბექა ბურჯანაძემ ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს გულშემატკივრების ფაქტორს და ახალ დარბაზში შექმნილ ატმოსფეროს.

„თამაშამდეც ვთქვი, რომ გულშემატკივრებს, ატმოსფეროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საოცარ გულშემატკივარს, რომ ეს ახალი დარბაზი გადაავსეს. მართლაც საოცრად ვითამაშეთ, მწვრთნელმა რაც დავალებები მოგვცა, ფაქტობრივად 100%-ით შევასრულეთ და ესპანეთი დავამარცხეთ, ისტორიული გამარჯვებაა. დარწმუნებული ვარ, ევრობასკეტზეც გადავსებული იქნება დარბაზი და ასე უნდა გავაგრძელოთ მოგებებით. დიახ, თამაშამდე ხუმრობით ვთქვი, რომ ესპანელებს აქ ჩამოსვლის ეშინიათ და სიმართლე აღმოჩნდა, ჩემმა სიტყვებმა გაამართლა“, - აღნიშნა შერმადინმა

„ძალიან მიხარია, რომ ახალ დარბაზში პირველი თამაშში ჩვენს გულშემატკივართან ასეთი შერწყმული ატმოსფერო იყო და ასე დავაგვირგვინეთ თამაში. მინდა, თანაგუნდელებს, სამწვრთნელო სტაფს, გულშემატკივრებს და მთლიანად საქართველოს მივულოცო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება და მინდა, ეს იყოს საწინდარი იმ გამარჯვებების, რომელიც მომავალში გველის. ევრობასკეტი წინაა, ჩემი აზრით, ძალიან კარგი დინამიკით მივდივართ, მითუმეტეს ასეთი თამაშის შემდეგ. ახლა ორი კვირა დავისვენებთ და შემდეგ ისევ განვაახლებთ შეკრებას. წინ ბევრი თამაში გველოდება, როგორც ამხანაგური, ისე ოფიციალური ევრობასკეტამდე და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, - თქვა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველომ პირველი ჯგუფური ეტაპი 4 მოგებით და 2 წაგებით დაასრულა, თუმცა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებები გაბათილებულია. ამიტომ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე ილიას ზუროსის გუნდი 2 მოგებით გადავიდა. მეორე ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი მატჩი მიმდინარე წლის 24 და 27 აგვისტოს გაიმართება (მეტოქეები ჯერ უცნობია), ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები თბილისში, ბელგიის, ესპანეთის, თურქეთის, ბულგარეთისა და მონტენეგროს ნაკრებებს შეხვდება (1 სექტემბრიდან 7 სექტემბრამდე).

0.116099