საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები დაამარცხა - 82:76.
მატჩის შემდეგ კომენტარი რატი ანდრონიკაშვილმა გააკეთა, რომელიც მატჩის გმირი გახდა და 17 ქულა მიითვალა. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა თამაშის ბოლო და გარდამტეხ ნაწილში 10 ქულა ჩააგდო (საქართველოს ბოლო 16 ქულიდან 10), მათ შორის, 8 ოვერტაიმში, რითაც გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
„არა მგონია, რომ რაც გავაკეთე, გუნდის ლიდერობა იყო. უბრალოდ, საჭირო მომენტში ბურთი მქონდა და ჩაგდება მოვახერხე. ჩვენი ლიდერები ყველამ იცის, ვინც არიან და რა თქმა უნდა, მათი და მოედანზე მყოფი თითოეული მოთამაშის გარეშე, მოგებას ვერ შევძლებდით. ბექა ბექაურმა ისე ითამაშა, რომ თვითონ სავარაუდოდ ელოდა, ჩვენც გვინდოდა, მაგრამ ყველა გაგვაოცა. ასეთ გუნდთან მხოლოდ ასე თუ მოიგებ, თითოეული მოთამაშის 100%-ით დახარჯვით. რა თქმა უნდა, გულშემატკივარიც დაგვეხმარა. დიდი დარბაზია, მაგრამ ყველა ჩაგდებულ ბურთზე იგრძნობოდა ფანების ემოცია და ხმაური. ნამდვილად, კარგად დავიმახსოვრებ ამ პირველ თამაშს ახალ დარბაზში“, - თქვა ანდრონიკაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველომ პირველი ჯგუფური ეტაპი 4 მოგებით და 2 წაგებით დაასრულა, თუმცა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებები გაბათილებულია. ამიტომ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე ილიას ზუროსის გუნდი 2 მოგებით გადავიდა. მეორე ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი მატჩი მიმდინარე წლის 24 და 27 აგვისტოს გაიმართება (მეტოქეები ჯერ უცნობია), ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები თბილისში, ბელგიის, ესპანეთის, თურქეთის, ბულგარეთისა და მონტენეგროს ნაკრებებს შეხვდება (1 სექტემბრიდან 7 სექტემბრამდე).