კალათბურთი

22:00 | 4.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "აგრესიულად ვითამაშეთ, რამაც შედეგი გამოიღო"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები დაამარცხა - 82:76.

მატჩის შემდეგ კომენტარი თორნიკე შენგელიამ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს აგრესიული თამაში შესთავაზა, რამაც შედეგი გამოიღო.

„უდავოა, რომ უკრაინასთან თამაშის შემდეგ რეაგირების მოხდენა საჭირო იყო, თუმცა რეაქცია გვჭირდებოდა, არა მარტო ამ მატჩის გამო, არამედ, როგორც იცით, ესპანეთმა პირველი თამაში დიდი ანგარიშით მოგვიგო და გვინდოდა, მოედანზე ასე რომ ვთქვათ, რევანშისთვის გავსულიყავით და ესპანელებისთვის აგრესიული თამაში შეგვეთავაზებინა, რამაც შედეგი გამოიღო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი თანაგუნდელების სახელით ყველა გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო. ალბათ, ამ დარბაზში საუკეთესო დასაწყისი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ესპანეთის დამარცხებით დაწყება და იმედი მაქვს, რომ ევრობასკეტზეც ასე გაგრძელდება. ამ თამაშს ვუძღვნი ირაკლი პერტაიას (საქართველოს ნაკრების პრესოფიცერი, რომელსაც მამა გარდაეცვალა - რედ), რომელსაც ახლა რთული პერიოდი აქვს და მინდა, ვუთხრა, რომ გამაგრდეს. ეს გამარჯვება ირაკლის ეძღვნება. მინდა, ესპანეთის ნაკრებსაც მადლობა გადავუხადო კარგი თამაშისთვის, მაგრამ ასევე ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს”, - აღნიშნა შენგელიამ.

შეგახსენებთ, საქართველომ პირველი ჯგუფური ეტაპი 4 მოგებით და 2 წაგებით დაასრულა, თუმცა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებები გაბათილებულია. ამიტომ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე ილიას ზუროსის გუნდი 2 მოგებით გადავიდა. მეორე ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი მატჩი მიმდინარე წლის 24 და 27 აგვისტოს გაიმართება (მეტოქეები ჯერ უცნობია), ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები თბილისში, ბელგიის, ესპანეთის, თურქეთის, ბულგარეთისა და მონტენეგროს ნაკრებებს შეხვდება (1 სექტემბრიდან 7 სექტემბრამდე).

0.112252