ავტოსპორტი

2:45 | 4.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

თრილერი სილვერსტოუნზე და საინსის პირველი გამარჯვება

უმცროსმა კარლოს საინსმა, ბოლოს და ბოლოს, თავის პირველ გამარჯვებას მიაღწია. ეს ბრიტანეთში, სავსე ტრიბუნის წინ მოხდა. პოულიდან სტარტის მიუხედავად, მან რამდენჯერმე დაკარგა ლიდერობა. მათ შორის, ერთხელ თანაგუნდელი შარლ ლეკლერიც გაატარა. მაგრამ ბრძოლითვე დაბრუნდა პელოტონის სათავეში და ფინიშიც პირველმა გადაკვეთა.

მეორე და მესამე ადგილები, სერხიო პერესმა და ლუის ჰამილტონმა დაიკავეს. პერესმა იმ დროს, როდესაც „რედ ბულის“ ლიდერ მაქს ფერსტაპენს შასისთან დაკავირებული პრობლემები შეექმნა, ბოლომდე იბრძოლა, თუმცა მხოლოდ მეორე შედეგს დასჯერდა.

ჰამილტონმაც იბრძოლა და მესამე ადგილი დაიმსახურა. რაც მთავარია, „მერსედესი“ პროგრესირებს და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ლიდერებთან ბრძოლის საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა, დაწევაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ სამქიმიანები ახლა გაცილებით უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე სეზონის დასაწყისში. თუმცა ვინ იცის, შესაძლოა სხვა ტრასებზე, სადაც გზის საფარი იდეალური არაა ასე არც იყოს...

„ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ეს შევძელით. არ ვიცი, რა ვთქვა. ეს საოცარია. 150 რბოლის შემდეგ, პირველი გამარჯვება, „ფერარისთან“ ერთად, სილვერსტოუნზე. ამაზე უკეთესს რას ვინატრებდი. ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღეა. დღე, რომელსაც არასდროს დავივიწყებ“, - განაცხადა საინსმა, ვინც „რედ ბულის“ გამარჯვებათა ზედიზედ ექვსრბოლიანი სერია შეწყვიტა.

რბოლის დასაწყისი დრამატული გამოდგა - სტარტზე რამდენიმე მანქანის შეჯახების შედეგად, ჩინელი გუანიუ ჟოუს „ალფა რომეო“ ამოყირავდა, ბოლოს, კედელთან პირუეტი შეასრულა და საბურავების დამცავი მწკრივის იქით გადავარდა. ბედად, მრბოლს არაფერი მოსვლია. ამავე ინციდენტის შედეგად, რბოლას ჯორჯ რასელი და ალექს ელბონიც გამოეთიშნენ. ამასთან, ტაილანდელი ადგილობრივ ჰოსპიტალშიც კი გადაიყვანეს, თუმცა ბედად, არც ის დაზარალებულა.

რბოლის ბოლო ცხრა წრე ნამდვილი კატა-თაგვობანა გახდა. 45-ე წრეზე, როცა პერესი და ლეკლერი ერთმანეთს ებრძოდნენ, ორივეს ერთად, ჰამილტონმა გაასწრო. მერე სილვერსტოუნის რვაგზის გამარჯვებული ორივემ ცალ-ცალკე ჩამოიტოვა. თუმცა ბრიტანელმა, ვინც უფრო ადრე, რბოლას რვა წრის განმავლობაში ედგა სათავეში, მონაკოელი უფრო ახალი საბურავების ხარჯზე დაჩაგრა და მესამე ადგილი დაათმობინა. მანვე რბოლის უსწრაფესი წრე დააფიქსირა.

ჩემპიონატის ლიდერ ფერსტაპენს ამჯერად არ გაუმართლა. მას მანქანა დაუზიანდა და იძულებული გახდა, ფრთხილ რეჟიმზე გადასულიყო, რის გამოც, მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

არც ლეკლერს გაუმართლა, რომელსაც გუნდმა რატომღაც, რბოლის უსაფრთხოების რეჟიმის ბოლო ჩართვისას, საბურავები არ შეუცვალა. სწორედ ამის გამო, რბოლის ბოლოს, ძველი საბურავებით, ჰამილტონს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და საბოლოოდ, ფინიშთან მეოთხე მივიდა.

პირველი ქულები აიღო მიკ შუმახერმა. ის მერვე ადგილზე გავიდა და ორი ადგილით ჩამოიტოვა თანაგუნდელი კევინ მაგნუსენი.

დღეს 35 წელი შეუსრულდა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელს, ვინც სტარტი მე-18 პოზიციიდან აიღო, ფინიში კი მეცხრემ გადაკვეთა.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

სილვერსტოუნი, 306.198 კმ (5.891 კმ, 52 წრე)

  1. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 2:17'50.311
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 3.779
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 6.225
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 8.546
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 9.571
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 11.943
  7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 18.777
  8. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 18.995
  9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 22.356
  10. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 24.590
  11. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 26.147
  12. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 32.511
  13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 32.817
  14. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 40.910
  15. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 15 წრე
  16. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 26 წრე
  17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 32 წრე
  18. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 52 წრე
  19. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 52 წრე
  20. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 52 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:30.510 (52-ე წრე, 234.312 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 181 ქულა; 2. სერხიო პერესი - 147; 3. შარლ ლეკლერი - 138; 4. კარლოს საინსი - 127; 5. ჯორჯ რასელი - 111; 6. ლუის ჰამილტონი - 93; 7. ლანდო ნორისი - 58; 8. ვალტერი ბოტასი - 46; 9. ესტებან ოკონი - 39; 10. ფერნანდო ალონსო - 28; 11-12. პიერ გასლი და კევინ მაგნუსენი - 16; 13-14. სებასტიან ფეტელი და დანიელ რიკარდო - 15; 15. იუკი ცუნოდა - 11; 16. გუანიუ ჟოუ - 5; 17. მიკ შუმახერი - 4; 18-19. ალექს ელბონი და ლანს სტროლი - 3; 20-21. ნიკოლას ლატიფი და ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) – 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბული - 328 ქულა; 2. ფერარი - 265; 3. მერსედესი - 204; 4. მაკლარენ-მერსედესი - 73; 5. ალპინ-რენო - 67; 6. ალფა რომეო-ფერარი - 51; 7. ალფატაური-რედ ბული - 27; 8. ჰაას-ფერარი - 20; 9. ასტონ მარტინ-მერსედესი - 18; 10. უილიამს-მერსედესი - 3.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.336773