უიმბლდონის ფრანგი დებიუტანტი ჰარმონი ტანი, ვინც სერენა უილიამსს ტურნირი პირველივე წრეში დაატოვებინა, უკვე მეოთხე წრეშია! ეს დიდი სლემის ტურნირებზე მისი პირველი მეოთხე წრეა. მესამეში მან გზიდან ჩამოიშორა ბრიტანელი კეიტი ბულტერი, ვინც 51 წუთში, 6-1, 6-1 დაამარცხა.
24 წლის ტანმა დაამტკიცა, რომ შვიდგზის ჩემპიონ სერენას დამარცხდება შემთხვევითობა არ იყო. ხუმრობა ხომ არაა, დიდ სლემზე უკვე ზედიზედ სამი თამაში მოიგო!
„არა, ჯერ არ მჯერა. თუ ცოტა გამოვიძინე, ხვალ შეიძლება დავიჯერო. ნებისმიერ შემთხვევაში, საოცარია“, - განაცხადა ტანმა, ვისი მომდევნო მეტოქეც, ამერიკელი ამანდა ანისიმოვაა. ამან მესამე წრეში თანამემამულე კოკო გოფი დაამარცხა.
„ბალახზე ადრე არასდროს მითამაშია, მაგრამ მგონი ასეთი კორტები მომწონს. ბალახზე თამაში ჩემთვისაა. სერენასთან გამარჯვებამ ბევრი ემოცია მაჩუქა, მერე კი უბრალოდ ვთამაშობდი და დღეს მართლაც კარგად ვითამაშე“, - განაცხადა ტანმა, ვისაც რეიტინგში 118-ე ადგილზე მყოფი ბულტერისგან მცირე წინააღმდეგობაც არ შეხვედრია.
ფრანგმა, ვინც რეიტინგში 115-ე ადგილზეა, პირველი სეტის მეოთხე გეიმში, ზედიზედ სამი ეისი მოაწოდა.