ავტოსპორტი

20:46 | 2.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საინსმა კარიერაში პირველი პოული სილვერსტოუნზე მოიპოვა

ბრიტანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, რომელიც წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა, „ფერარის“ კარლოს საინსის გამარჯვებით დასრულდა. ესპანელის კარიერაში ეს 150-ე რბოლა და პირველი პოულ პოზიციაა.

საინსს მხოლოდ 0.072 წამით ჩამორჩა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი მაქს ფერსტაპენი. მან ორჯერ დაუშვა შეცდომა, თუმცა ამის მიუხედავადაც, პოულამდე ცოტა დააკლდა. საინსის თანაგუნდელი შარლ ლეკლერი მესამე ადგილს დასჯერდა. სტარტზე მის გვერდით სერხიო პერესი დადგება.

„მადლობა ყველას, ვინც წვიმის მიუხედავად, ტრიბუნაზე დარჩა და რბოლას უყურა. ესპანელებს არ უყვართ წვიმა, მაგრამ თქვენ, ბიჭებო, ამას მიჩვეული ხართ. არ მეგონა, რომ ეს წრე საუკეთესო იქნებოდა. მაგრამ პოულ პოზიციაზე ვარ და ამან გამაოცა. პრაქტიკის შედეგების მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ პირველი პოზიციის შენარჩუნება უნდა შევძლო“, - განაცხადა საინსმა.

ლუის ჰამილტონი პოულის დროს დაახლოებით წამით ჩამორჩა. „მერსედესმა“ სილვერსტოუნისთვის რამდენიმე სიახლე გამოიყენა და ჰამილტონიც ალბათ უფრო მეტს ელოდა. მაგრამ კვლავ ორივე „ფერარის“ და ორივე „რედ ბულის“ უკან დადგება. და მაინც, მთავარი ისაა, რომ „მერსედსის“ ინჟინრებმა მანქანის ხტუნვის ეფექტი შეამცირეს, რაც ჰამილტონს იმედს აძლევს, რომ გუნდი მალე დაეწევა ლიდერებს - „ფერარის“ და „რედ ბულს“.

საინტერესოა, რომ საინსს თავისი პირველი პოულის მოპოვება კანადის დიდ პრიზზეც შეეძლო, მაგრამ მაშინ ფერსტაპენმა აჯობა. საინსს ჯერ მოგებაც არ აქვს, მაგრამ მისი მანქანის სიჩქარე საკმარისია იმისთვის, რომ კვირას რბოლის მოსაგებადაც იბრძოლოს.

მოწინავე ათეულში შევიდნენ ჩინელი გუანიუ ჟოუ (ალფა რომეო) და კანედელი ნიკოლას ლატიფი (უილიამსი). ლატიფის ეს შედეგი მით უფრო მოულოდნელია, რომ „უილიამსმა“ სიახლეები მხოლოდ ალექს ელბონის მანქანაზე დააყენა. მაგრამ ტაილანდელმა კვალიფიკაციის მეორე ნაწილში გადასვლაც ვერ მოახერხა.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1'40.983
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.072
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.315
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.633
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.012
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.101
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.133
  8. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.178
  9. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1.736
  10. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 22.112
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 2.719
  12. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 3.249
  13. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 3.328
  14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 3.372
  15. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 4.207
  16. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1.095
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1.176
  18. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.683
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1.725
  20. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 2.447
0.178864