იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და ქართველი შემტევი იტალიურ პრესასთან შეაქო.
ძაკარდო იმედოვნებს, რომ ხვიჩა იტალიაში ბევრ გოლს გაიტანს და გულშემატკივარს თავისი თამაშით დაატკბობს.
„ტრანსფერში შუამავლის როლი ვითამაშე და ოპერაციის წარმატებით დახურვაში ჩემი წვლილი შევიტანე. მას ბევრი კლუბი აკვირდებოდა. ძალიან ჭკვიანი ბიჭია და „ნაპოლის“ ვულოცავ კონკურენტების დამარცხებას. ვიმედოვნებ, რომ იტალიაში ბევრ გოლს გაიტანს. კლუბებში აქამდე ალბათ ცოტას იტანდა, მაგრამ ნაკრებში - ბევრს. ის ახალგაზრდაა, ბევრი საგოლე პასი აქვს გაკეთებული და დრიბლინგი მისი კოზირია. ნეაპოლის თბილ გარემოში, თავისი ცეცხლოვანი თამაშით შეუძლია სტადიონის აღფრთოვანება.
ახალგაზრდაა, ამიტომ მოთმინება საჭიროა. მას დრო უნდა მიეცეს, რომ თავი დაიმკვიდროს. შეიძლება მცირე შეცდომები ჰქონდეს, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ სერია A-ში ითამაშებს. სურდათ თუ არა „იუვენტუსს“ და „მილანს“? იტალიაში იყვნენ დაინტერესებული კლუბები, მაგრამ „ნაპოლი“ დიდი ხანი აკვირდებოდა და ყველაზე სწრაფად მოახერხა მისი შეძენა. იმედი მაქვს, რომ თავის ამპლუაში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.
დიმაროში შეკრებაზე მასთან ერთად ვიქნები? ჯერ ფეხბურთელის გარემოცვას უნდა ველაპარაკო და ვნახოთ. აუცილებლად შევხვდები იტალიაში, არ ვიცი ეს ნეაპოლში მოხდება თუ დიმაროში, ახლა ის ჯერ კიდევ საქართველოშია ბიუროკრატიულ პროცესებს აგვარებს და შემდეგ იტალიაში ჩამოვა. ვფიქრობ, ხანდახან „სტადიო მარადონაზე“ ვნახავ მის თამაშს და ვიმედოვნებთ, რომ „ნაპოლის“ მაისურით მისი შემოქმედებებით დავტკბებით“, - თქვა ძაკარდომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი "ნაპოლის" ვებგვერდმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა. კრისტიან ძაკარდო „ბოლონიას“, „პალერმოს“, „ვოლფსბურგის“, „პარმას“ და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელია, 2006 წელს კი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.