საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ბრატისლავის „სლოვანში“ გააგრძელებს. ინფორმაცია სლოვაკური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ქართველმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ გიორგის „გენტთან“ კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება, ასე რომ, 2023 წლის ივნისში თავისუფალი აგენტი გახდება.
ჩაკვეტაძეს „სლოვანში“ ნაცნობი გარემო დახვდება - იქ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, ხოლო მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, რომელსაც საქართველოს ნაკრებიდან ძალიან კარგად იცნობს. გიორგი სლოვაკეთის ჩემპიონში 70-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 22 წლის ქართველმა შემტევმა პირველი კომენტარიც გააკეთა:
„სლოვანზე შესანიშნავი წარმოდგენა მაქვს გურამ კაშიადან და ჯაბა კანკავასგან, რომლებსაც საქართველოს ნაკრებიდან ვიცნობ. ისინი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, მაგრამ მე მოუთმენლად ველი არა მხოლოდ მხოლოდ მათთან, არამედ ყველა ჩემს თანაგუნდელთან თამაშს. ასევე ვიცნობ ვლადიმირ ვაისს, რომლის დროსაც ეროვნულ ნაკრებში თამაში დავიწყე. ვიცი, რას მოითხოვს ფეხბურთელებისგან და როგორ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. „სლოვავანში“ იმიტომ მოვედი, რომ გუნდს დავეხმარო შიდა ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე. თავს ყველაზე კარგად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ვგრძნობ, ე.წ. ათიანის პოზიციაზე, მაგრამ მარცხენა ფლანგზეც შემიძლია თამაში. მოუთმენლად ველოდები ამ სტადიონზე პირველად თამაშს“, - თქვა ჩაკვეტაძემ.
კომენტარი გააკეთა „სლოვანის“ გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა, რომელიც იმედოვნებს, რომ ჩაკვეტაძე კლუბთან ადაპტირებას სწრაფად მოახერხებს და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშებს:
„მიმდინარე ზაფხულს ჩვენი მეოთხე შენაძენია და ეს ასახავს ჩვენს ამბიციებსა და მიზნებს ახალ სეზონში, რომელშიც ყველაფერი გვინდა გავაკეთოთ წარმატებისთვის. ის არის შემტევი ფეხბურთელი, რომელიც თავისი ხარისხით ცალსახაა, რომ დაგვეხმარება. გვიხარია, რომ „გენტთან“ საერთო ენის გამონახვა მოვახერხეთ და ერთწლიანი იჯარით დავიმატეთ. გიორგი საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით თამაშობდა, რომელსაც შესაბამისად კარგად იცნობს და ისიც იცის, რას უნდა ელოდო მისგან. მჯერა, რომ ამის წყალობით გიორგი სწრაფად მოერგება გუნდს და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებშიც დაგვეხმარება“, - აღნიშნა კმოტრიკმა.
ჩაკვეტაძე „გენტმა“ 2017 წელს „დინამო თბილისიდან“ 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა და ბელგიურ კლუბში 80 მატჩში 8 გოლით და 18 საგოლე პასით გამოირჩა. გასული სეზონის მეორე ნახევარი გიორგიმ იჯარით გერმანულ „ჰამბურგში“ გაატარა, სადაც 12 შეხვედრაში თითო გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, მაგრამ გერმანელებმა არ გამოისყიდეს. ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრებში 14-ჯერ უთამაშია და თავი 5 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.
ბრატისლავის „სლოვანი“ სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონია და სულ მალე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება, 6 ივლისს ბრატისლავაში და 13 ივლისს ბათუმში.