ფეხბურთი

14:00 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე "სლოვანში" სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე დიდი ალბათობით კარიერას ბრატისლავის „სლოვანში“ გააგრძელებს.

ბელგიური გამოცემა voetbalkrant-ი წერს, რომ ქართველი ნახევარმცველი დღეს სლოვაკურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბს იჯარით შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ გიორგის „გენტთან“ კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება, ასე რომ, 2023 წლის ივნისში თავისუფალი აგენტი გახდება.

ჩაკვეტაძეს „სლოვანში“ ნაცნობი გარემო დახვდება - იქ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, ხოლო მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, რომელსაც საქართველოს ნაკრებიდან ძალიან კარგად იცნობს.

ჩაკვეტაძე „გენტმა“ 2017 წელს „დინამო თბილისიდან“ 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა და ბელგიურ კლუბში 80 მატჩში 8 გოლით და 18 საგოლე პასით გამოირჩა. გასული სეზონის მეორე ნახევარი გიორგიმ იჯარით გერმანულ „ჰამბურგში“ გაატარა, სადაც 12 შეხვედრაში თითო გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, მაგრამ გერმანელებმა არ გამოისყიდეს. ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრებში 14-ჯერ უთამაშია და თავი 5 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

ბრატისლავის „სლოვანი“ სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონია და სულ მალე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება, 6 ივლისს ბრატისლავაში და 13 ივლისს ბათუმში.

0.122184