ფეხბურთი

16:57 | 29.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "სპალეტი მესაუბრა და დამარწმუნა, რომ "ნაპოლიში" გადავსულიყავი"

ცნობილმა რუსმა ბლოგერმა ნობელ არუსტამიანმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლიში“ ტრანსფერზე პირველად ისაუბრა.

როგორც ხვიჩამ აღნიშნა, ლუჩანო სპალეტის ესაუბრა და იტალიურ კლუბში გადაბარგების გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღო.

„სპალეტისთან ვისაუბრე. მან მითხრა, რომ ჩემთან მუშაობა უნდოდა და მეც მინდა მისგან ბევრი ვისწავლო, რადგან ჯერ ახალგაზრდა ვარ. მასთან ლაპარაკის შემდეგ გადავწყვიტე „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაფორმება. მან ყველაფერი ამიხსნა, როგორია სერია A და ვფიქრობ, მზად ვარ დიდი ნახტომისთვის. რა ნომრით ვითამაშებ? არ ვიცი 77 ნომერს ავიღებ თუ 18 ნომერს, ჯერ არ გადამიწყვეტია. ვიცი, რომ 10 ნომერს ვერ ავირჩევ, რადგან ეს მხოლოდ მარადონას ეკუთვნის. ვისთან მინდა თამაში? კულიბალი დიდებული ფეხბურთელია.

„რუბინიდან“ წასვლის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში ვიყავი, ალბანეთში ამხანაგური მატჩისთვის ვემზადებოდი, მამუკამ დამირეკა და მითხრა, რომ 99%-ით „ნაპოლიში“ გადავდიოდი და იტალიაში უნდა გავფრენილიყავი. იყო სხვა შეთავაზებებიც და არჩევა ადვილი არ გახლდათ. ძლიერი გუნდი ბევრია, მაგრამ შეიძლება შენი მომავლისთვის რომელიმე შესაფერისი არ იყოს. ვისაუბრე მირანჩუკთანაც და მან ამიხსნა, როგორ უნდა იმუშაო იტალიაში ვარჯიშებზე. მქონდა კახა კალაძესთან საუბრის საშუალება, ამ ამიხსნა, რომ იტალიაში ბევრი კარგი და ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ შრომის გარეშე მიზნების მიღწევა შეუძლებელია. ნეაპოლში ამ დროისთვის მარტო წავალ.

როდესაც ომი დაიწყო, ყველას შეეშინდა. მე ჩემის მხრივ ჩემი ოჯახის გამო. ველაპარაკე „რუბინში“ სლუცკის და საიმანოვს, მითხრეს, რომ ის უნდა გამეკეთებინა, რაც ჩემთვის უკეთესი იქნებოდა. რუსეთში ვერ დავრჩებოდი, ვიცოდი, რომ კლუბს დავტოვებდი, თუმცა, სანაკრებო პაუზამდე ორი თამაში იყო დარჩენილი და ვთქვი, რომ ამ ორ მატჩს ვითამაშებდი. „რუბინის“ მაისურს ბოლომდე პატივი ვეცი, რადგან მათ ჩემთვის ბევრი გააკეთეს", - თქვა კვარაცხელიამ.

0.111292